მსახიობი ავთო მიქაძე ამ ამბავს ხშირად ყვებოდა:
„ერთ დღეს მარჯანიშვილის თეატრის წინ ვდგავარ და ამხანაგს ვესაუბრები „გაზ-24“-ზე მიყუდებული. მოვარდა ინსპექტორი (როგორც ჩანს, სულ ახალი იყო).
– რატომ დგას აქ მანქანა? – მომე საბუთები! – მომმართა მკაცრად.
– არ მაქვს თან, სახლში დამრჩა-მეთქი, – ამოვიოხრე.
– არ გაქვს ხომ? – ძალიან კარგიიი! ახლა მიყურე, ჩაიჩოქა მანქანის წინ,
ნახევარი საათი იწვალა და ოფლში გაღვრილმა ძლივს მოხსნა მანქანის
წინა ნომერი.
– წინა რომ მოხსენი, უკანათი ვერ ივლის მანქანა? – გავაკრიტიკე! – დაუჯდა ჭკუაში, ახლა უკან ჩაიჩოქა, გასავათდა, მაგრამ მოხსნა ისიც.
– ახლა ამ ნომრებს მე წავიღებ და მომაკითხავ იქ! – მეუბნება ნიშნისმოგებით.
– სად, იქ?
– ავტოინსპექციაში.
– რატომ?
– რა რატომ?
– რატომ უნდა მოგაკითხო ავტოინსპექციაში?
– აბა, ნომრები არ გინდა?
– ეს ჩემი მანქანა არაა.
– რააა?! – ფერი დაკარგა ინსპექტორმა და შეხედა, როგორ გამორბოდა თეატრის შენობიდან გივი ბერიკაშვილი.
– რას შვები, კაცო, შენა! – გაგიჟდი? – ახლავე მიაკარი ნომრები ჩემს მანქანას!
– თქვენია, ბატონო გივი? ბოდიში, ახლავე – ჩაიჩოქა ინსპექტორმა და ნომრების მიმაგრებას შეუდგა. აი, ასეა – გივის ყველაფერი ეპატიება საქართველოში.“





































































