გივი ბერიკაშვილს 13 აპრილს, საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი დაკრძალვის დღეს, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი დღეს, 10 აპრილს, 83 წლისა გარდაიცვალა. ის კლინიკა MediClubGeorgia-ში ფილტვების ანთების დიაგნოზით, რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
გივი ბერიკაშვილი დაიბადა 1933 წლის 12 მაისს გურჯაანის სოფელ კოლაგში. 1956 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.
გივი ბერიკაშვილს 40-მდე მხატვრულ ფილმში აქვს შესრულებული როლები, მათ შორისაა ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა “მარადისობის კანონი”, “სიყვარული ყველას უნდა”, “დათა თუთაშხია”, “პეპელა”, “ნატვრის ხე”, “ღვინის ქურდები”, “მზე შემოდგომისა”, “ლონდრე”, “გიორგობისთვე” და სხვ.