ცნობილი ხდება, რომ 25 ოქტომბერს გორში ლიახვის პირას ნაპოვნი 8 წლის გოგოს ცხედარს სხვა დაზიანებებს შორის დაზიანებები თავის, ცხვირის და გულ-მკერდის არეში აღენიშნება, რაც ერთ-ერთი ვერსიით, დაჯახებით (შესაძლოა ავტომობილის) მიღებულს ჰგავს.
ამ ვერსიითვე, არ გამორიცხავენ, რომ იყო ბავშვის ცხედრის გადამალვის მცდელობა და სწორედ ამიტომაც ფიგურირებს საქმეში პარკი.
ამასთან, არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ბავშვმა სახლიდან დაახლოებით 50 მეტრი გაიარა ფეხით და გავიდა მთავარ ქუჩაზე, რომელიც საკმაოდ ხალხმრავალია. გამოჩნდა მოწმეც, მოხუცი კაცი, რომელიც ადასტურებს, რომ დაინახა ბავშვი ქუჩის კუთხეში ლეკვს როგორ ეთამაშებოდა. სწორედ ამ ადგილის შემდეგ ქრება ბავშვის კვალი.
როგორც ირკვევა, მთავარ ქუჩაზე განლაგებულ კამერებს გოგო დაფიქსირებული არ ჰყავს. შესაბამისად, შესაძლებელია მას ის დისტანციაც არ გაუვლია, რომ კამერებამდე მიეღწია.
საბოლოოდ, გოგოს ცხედარი აბსოლუტურად სხვა ადგილას იპოვეს.
2010 წელს დაბადებული ნ.ბ. 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს.
გოგოს ჰყავს დედა, მამა და 9 თვის ძმა.
წყარო: “იმედინიუსი”