“გურია ნიუსის” სამტრედიელმა კორესპონდენტმა კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ნინო ნანიტაშვილმა საზოგადოებას ფეისბუქგვერდიდან ამცნო:
“საღამო მშვიდობისა, მეგობრებო. ვისურვებდი თქვენთან ერთად ასევე მშვიდობიანი დილის გათენებას. ძნელია, ახლა ისეთი რამ დაწერო, არჩევნების თემა გადაფარო, რასაც არც ვაპირებ. უბრალოდ, თავს ვალდებულად ვთვლი, გაუწყოთ, რომ ამ საღამოს ქუთაისიდან ტელეფონით შეგვეხმიანა ჩვენი ოჯახის ექიმი, ნატო როხვაძე, რომელმაც გვითხრა, რომ ხვალიდან, 2 ნოემბრიდან ჩვენ გვაქვს უფლება, დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ საქმიანობას.
ნატო როხვაძე 19 ოქტომბრიდან ყოველდღიურ მონიტორინგს ატარებდა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მოგეხსენებათ, რომ 18 ოქტომბერს მე დამიდასტურდა კორონავირუსი, ჩემს მეუღლეს კი -20 ოქტომბერს. ოჯახი 16 ოქტომბრიდან თვითიზოლაციაში ვიმყოფებოდით და ამ დროის განმავლობაში ვიცავდით ყველა საჭირო რეგულაციებს. არ გადავსულვართ ეზოს გარეთ, არ მიგვიღია სტუმრები და რაც მთავარია, არ გვქონია სიმპტომები და თავს ყველანი მხნედ ვგრძნობდით.
ვინაიდან, ვარ ჟურნალისტი, მაქვს საზოგადოებრივი ურთიერთობები, სამსახურიდან გამომდინარე, მიწევს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა, ამდენად, თავს ვალდებულად ვთვლი, გადმოგცეთ სიტყვა-სიტყვით ის, რაც ოჯახის ექიმმა ამ საღამოს მითხრა: ვართ ადამიანებისთვის სრულიად უსაფრთხო, შეგვიძლია ხვალ დილიდან შევუდგეთ საზოგადოებრივ საქმიანობას. მიხარია, რომ უსაქციელო ვირუსი ჩვენი ოჯახიდან უმტკივნეულოდ გავაცილეთ. ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენმა დიაგნოზმა შიში და ფსიქოლოგიური სტრესი მიაყენა. მადლობა უფალს და ჩვენთვის მზრუნველ ადამიანებს, რომლებსაც ამ უცნაური განსაცდელის ჟამს არ მივუტოვებივართ”.