დღეს, ლანჩხუთის „გურიამ“ ლიგა პრო 3-ის გათამაშების სადებიუტო მატჩი გამართა და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში გამართულ შეხვედრაში ლანჩხუთელებმა მეტოქე წყალტუბოს „სამგურალი2“-ის წინააღმდეგობა მეორე ტაიმში დაძლიეს. მთავარმა მწვრთნელმა, დავით მახარაძემ შეტევაში არცთუ დამაჯერებლად გარჯილი საკუთარი ვაჟი, გურამი, კარლო ჯიქიძით ჩაანაცვლა, რასაც მეორე ცვლილებაც მოაყოლა და მინდორზე ნიკა ნარიაშვილი გამოუშვა. ამ ცვლილებებმა გარდატეხა შეიტანა შეხვედრაში და მალე, მარჯვენა ფლანგიდან ნარიაშვილის პასით 65-ე წუთზე ბექა ზაქრაძემ ანგარიში გახსნა.
აქედან ოთხ წუთში ბექამ მეორედაც იხეირა, ამჯერზე კუთხურიდან ჩაწოდებულს დაუხვედრა ცაცია და მატჩის ბედიც, ფაქტობრივად, აქ გადაწყვიტა.
„გურია“ მომავალ შეხვედრას ისევ „ევგრაფ შევარდნაძეზე“ გამართავს და მისი მეტოქე ტყიბულის „მეშახტე“ იქნება.
პირველ შეხვედრაში „გურიას“ შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ჯომიდავა, გელაშვილი, ჩიკვილაძე (კაპიტანი), კიკნაძე, ვირუბოვი, წერეთელი, გიორგი გურეშიძე, გიგა გურეშიძე (ნარიაშვილი 62), კვარაცხელია (ბახია 81), ზაქრაძე, მახარაძე (ჯიქიძე 60);
სათადარიგოები: ხვედელიძე; კალაჯიშვილი, ლაბაძე, ბერიძე.