ახალი სეზონისთვის ემზადება ლანჩხუთის „გურია”, რიომელმაც პირველი მოგება მეორე საკონტროლო მატჩში იზეიმა.
გურულებმა თბილისის „მერანთან“ ანგარიში ისეთი გოლით გახსნეს, ნებისმიერი ევროპული ტოპ ლიგა მოაწერდა ხელს.
„გურიას“ ახალწვეული და კაპიტანი დათა სიჭინავა ჯარიმიდან გატანილი გოლებით განთქმულია და 34-ე წუთზე, ეს ლანჩხუთელთა მაისურით პირველად მოახერხა, 1:0.
გურულებმა შესვენებამდე სხვაობა გაორმაგეს. გოლიდან 10 წუთიც არ იყო გასული, როცა სიჭინავა უკვე ასისტენტის როლში მოგვევლინა. მის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი დავით მაისაშვილმა თავით თბილისელთა კარის ბადეში გადაგზავნა,2:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში, თბილისელებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ 81-ე წუთზე სანდრო ხუნდაძემ გაიტანა და მატჩს საბოლოო სახე მისცა.
მანამდე გურულებმა ფრედ (1:1) ითამაშეს დედაქალაქურ „ორბისთან”, რომლის ღირსებასაც „გურიას” ექს-კაპიტანი ბექა ბერიძე იცავს. შეხვედრაში და „გურიას“ რიგებში ანგარიში თორნიკე კუხიანიძემ გახსნა.
16 თებერვლიდან ლანჩხუთელები ქობულეთში გადიან შეკრებას. პირველი ტესტ-მატჩი ზღვისპირეთში, ლიგა-2-ში მყოფ მარტვილის „მერანთან” გამართეს. პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დასრულდა.
მეორეს დასაწყისში თორნიკე კაპანაძემ გახსნა ანგარიში. მალევე გოჩა ტყებუჩავამ ლამის მთელი შემადგენლობა (10 მოთამაშე) შეცვალა.
ამის შემდეგ, მარტვილელებმა ორი გოლის გატანა მოახერხეს და მოგებაც მათ დარჩათ _ 2:1.
სამაგიეროდ, ჯავრი სხვა მეგრულ კლუბზე იყარეს _ ლანჩხუთელებმა ფოთის „კოლხეთი-2“ 7:0 დაამარცხეს. ჰეთ თრიკი ლუკა ჩაგანავამ შეასრულა, თითოჯერ თავი კახა კახაბრიშვილმა, დავით მაისაშვილმა, სანდრო ხუნდაძემ და იოანე ტაბატაძემ გამოიჩინეს.
სხვათა შორის,გასულ სეზონში „გურიამ“ იმავე გუნდს ერთხელაც ვერ მოუგო (შინ 0:0 ეთამაშა, სტუმრად კი სულაც 2:3 წააგო).
ბოლო ამხანაგური შეხვედრა გურულებს 27 თებერვლისთვის აქვთ დაგეგმილი _ ბათუმის „ვესტ ჯორჯიასაც“ ქობულეთის საფეხბურთო ცენტრის სტადიონზე შეხვდებიან.
ამით ლანჩხუთელთა შეკრება დასრულდება და 5 მარტს გუნდი მესამე ლიგაში ასპარეზობას დაიწყებს, სადაც გასული სეზონის ბოლო ხმაურიანი მატჩის შედეგით მოხვდა _ დამატებულ მე-5 წუთზე ანგარიში 2:4 გახდა, თუმცა თემურ შარაშენიძემ 2 წუთში 2 გოლი გაიტანა და „გურია“ ზედა ლიგაში დააწინაურა.
„გურიას“ ამხანაგური შეხვედრები
10.02. ორბი (თბილისი) _ „გურია“ 1:1
გოლი: კუხიანიძე
14.02. მერანი (თბილისი) _ გურია 1:3
გოლები: სიჭინავა, მაისაშვილი, ხუნდაძე
18.02. გურია _ მერანი (მარტვილი) 1:2
გოლი: კუხიანიძე
23.02. გურია _ კოლხეთი-2 7:0
გოლები: ჩაგანავა (3), კახაბრიშვილი, მაისაშვილი, ხუნდაძე, ტაბატაძე
„გურიას“ მწვრთნელებმა ამ ოთხ შეხვედრაში შემდეგი ფეხბურთელები ნახეს საქმეში: ლევან ისიანი, კიჭი მელიავა, ლევან კაკუბავა, დავით მაისაშვილი, ნოდარ იაშვილი, ცოტნე ჩოთალიშვილი, ნიკა ნოზაძე, ლუკა ჩაგანავა, კახა კახაბრიშვილი, დათა სიჭინავა, თორნიკე კაპანაძე, რევაზ ლომიძე, ნიკა კოკაია, ვანო წილოსანი, დავით კიკალიშვილი, დავით გამბაროვი, ნოდარ ქავთარაძე, ლუკა ქოქოსაძე, ანდრო ხოროიშვილი, ვანო ოქროპირიძე, ლაშა ახალაია, ვანო შარვაძე, თემურ ილურიძე, სანდრო ხუნდაძე, იოანე ტაბატაძე
საბოლოო შემადგენლობა, რომელიც ლიგა-2-ში გადასასვლელად იბრძობს, ამ თვის ბოლოს გახდება ცნობილი.



































































