გურიის რეგიონში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრაფიკს ვერ ეწევა, რის გამოც შეიძლება სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდეს. ამ ეტაპზე კი კომპანიას სანქციები დაუწესდა. ამის შესახენ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“გურიის რეგიონში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 7 სხვადასხვა მონაკვეთზე 62.4 კმ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 58.5 მლნ. ლარია.
კომპანიამ, გარკვეული სახის სამუშაოები დაიწყო ცალკეულ მონაკვეთებზე, მაგრამ გეგმა-გრაფიკთან მიმართებით სამუშაოების ტემპი საკმაოდ დაბალია. დეპარტამენტმა, უკვე აამოქმედა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები კომპანიის მიმართ და სამუშაოების ტემპი თუ ვერ დაეწევა გეგმა-გრაფიკს, საჯარიმო სანქციების გარდა განიხილება ხელშეკრულების შეწყვეტაც.
გზების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში, ჩინურმა კომპანიამ ,,China Road & Bridge Corporation”-მა გაიმარჯვა.
რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის (მათ შორის ნასაკირალის მონაკვეთი), ჩოხატაური-ბახმაროს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის, ოზურგეთი-ქობულეთის, ჩოხატაური-ზომლეთის და საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებს”,_ ნათქვამია განცხადებაში.