საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კერძო სახლი, საკარმიდამო მიწის ნაკვეთით, გურიის რეგიონში მცხოვრები 69 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდა.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები დაათვალიერეს.
“ბოლო ოთხი წელია მოქმედებს ეკომიგრანტების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროექტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გაჩერებული იყო. ისეთ ოჯახებში ვიყავით, რომლებსაც ღამეები არ ეძინათ იმის შიშით, როდის ჩამოინგრეოდა მათი სახლი. დღეს, ამ ოჯახებს საკუთარი საცხოვრებელი სახლები, მიწის ნაკვეთები აქვთ და გაუჩნდათ არა მხოლოდ უსაფრთხო საცხოვრებელი, არამედ გაუჩნდათ კარგი შემოსავლის წყაროც”, _ თქვა სოზარ სუბარმა.
ეკომიგრანტი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის მაქსიმალური რაოდენობა 25 000 ლარს შეადგენს.
2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე 400-მდე სტიქიით დაზარალებულ ოჯახს შეუსყიდა.