“ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი. მისი ლანდშაფტი სამმუხოვანი სივრცე – გაშლილი სინთეზია. მოქნილი მთები ბახმაროსაკენ თანდათან ზვიადობით ამართული: თვალუწვდენელი ჭალანი, სამეგრელოსაკენ ძლევამოსილებით გაფენილი. მოშორებით შავი ზღვა, ეს უხვად გამდინარი მუქი ზურმუხტი. გურიაში მოიძებნება ისეთი პუნქტი, საიდანაც ადამიანის მჭვრეტი თვალი ამ სამმუხროვან ლანდშაფტს ერთს ესთეტიკურ სარკმელში გაატარებს მძაფრი სიტკბოებით.
განსაცვიფრებელია გურიის ნელი სირბილე: იქ ვერ მონახავთ ერთ მყვირალა ფერს. ვერ იხილავთ ვერცერთ უხეშ ხაზს. იქ ყოველი ნაკვეთი რბილია – ნაზი, მჩატე, მსუბუქი, ნარნარი: თვითონ მთებიც კი გურიაში მკაცრი ნატეხობით არ არის აღმართული, არამედ ხავერდოვანი სირბილით, განსაკუთრებით კეკლუცია ჩაქვის მახლობელი მიდამო. ხოლო ეს სიკეკლუცე უფრო რბილად მოდუმებულია, ვიდრე სიკეკლუცე იმერეთული ხტომით ნაყარი.
ძველი მესხეთის ნატეხია გურია, ამის ნიშანი ბევრია. თავდაპირველად „ქართული“, გურული ქართული ლაკონურია რუსთაველის სამშობლოს სიტყვასავით. საქართველოს არცერთ კუთხეში ასე სხარტულად არ ლაპარაკობენ, როგორც გურიაში. გურული სინტაქსი უაღრესად ეპიგრამატულია: მოკლე, მკაფიო, მკვეთილი, ჭლეული, თვითონ რუსთაველიც გურულებმა სხვა ქართველებზე უფრო იციან. „ვეფხისტყაოსნის“ ზოგიერთი სიტყვები, რაც საქართველოს სხვა კუთხეებისათვის გაუგებარია, გურიაში უბრალოდ მუსაიფის ჟამს გვხვდება. ძველ მესხთა შაირობა ცნობილია – თაობიდან თაობაზე გადადის. შაირობა გურულებისათვის ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორც საამო გასეირნება.
ამაყია გურული, გურიაში ძალზე არის განვითარებული გრძნობა თავის თავისღირსებისა. არისტოკრატობა – „რჩეულობა“ -გურულთა „რასის“მთავარი ნაკადია. ამ მხრივ თავადაზნაურობასა და გლეხობას შორის თითქმის არავითარი განსხვავება არ არის: ყოველ გურულს აქვს თავის გამოჩენა. სიამაყე და გამორჩეულობა რბილ გურულს სასტიკადა ჰხდის. ფირალად გავარდნა გურიაში ჩვეული მოვლენაა – ფირალობას კი უმთავრესად ხასიათი უდევს საფუძვლად. გურულს გარეგნობაც რჩეული უყვარს.
ცნობილია გურულის სიღარიბე, მიუხედავად ამისა საქართველოს ვერც ერთ სხვა კუთხეში ვერ მონახავთ გურული „ოდის“ თანაკოხტაობას კეკლუცად მორთული ეზოთი. გურია მემკვიდრეა ნელი და მაგარი წინაპრის. მას მხოლოდ „ემჩატება“ კულტურული სვლა. მისი სიფიცხე მხოლოდ ჟესტია არისტოკრატული ზვიადობის. გურულის გენია პლასტიკური ზოლებით იკვეთება, ხალხთა შორის გურული ესპანელებს ემსგავსება თავისი ქედმაღლური ტემპერამენტით.
გურიაში თითქმის ყველა ნიჭიერია, ჩემი მისაზრებით გურულის ნიჭი ჯერ კიდევ მემკვიდრეობის პოტენციით იშლება, გურიაში თითქმის ერთნაირად ნიჭიერნი არიან ყველანი, მაგრამ როცა გურული მემკვიდრეობას მხოლოდ „გამოიყენებს“ ახალი ძალების ამოძრავებით, მაშინ აუცილებლად აისახება ის მანძილი, რომელიც კულტურის ვითარებით თავს ჰყოფს – „შემოქმედ პიროვნებასა“ და „ფართო მასსას“ შორის.
როგორ? – გურია და არისტოკრატია?! გურია და „წარჩინების“ პათოსი?! განა გურიამ არ განამტკიცა საქართველოში სოციალისტური სწავლა, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგებოდა არისტოკრატული წარჩინების მიდრეკილებას?! და მართლაც, სოციალ-დემოკრატია საქართველოში გურულებმა შექმნეს, ჯერ მარტო თაოსანთა გვარები: ინგოროყვა, ნინოშვილი, ნოე ჟორდანია, ოთხი რამიშვილი, ცინცაძეები, ბენია ჩხიკვიშვილი, შარაშიძეები, ხომერიკი, ნინიძე, ჟორჟოლიანი, დოლიძეები, ლალიანი-მამულაშვილი…მემკვიდრენი ძლევამოსილი წინაპრის, რომელნიც ნივთიერი ყოფის უმწეობას განიცდიან.
გურულს სხვაზე მეტად ესაჭიროება მდიდარი მატერიალური ყოფა ისტორიულ თანდათანობას ისინი ვერ შეურიგდებიან, ამისათვის მათ აკლიათ უკულტუროს თმენა და „გემოს არცოდნა“ – როდემდე ვიცადოთ?! აი, მათი დამახასიათებელი საკითხი. სწორედ, ასეთ მემკვიდრეებს წარმოადგენენ გურულები, ისინი გამოვიდნენ სოციალისტებიდან, რადგან სულით უაღრესად აზნაურნი არიან და ყოფით ღარიბნი. მიუხედავად იმისა, რომ გურულები სოციალისტური სამოსელით გვეჩვენებიან, მათი ფსიქიკა მაინც აზნაურულია, ყველაფერი შეიძლება ამოშალო გურულში, მაგრამ „წარმატებულობის“ და „ერთგულობის“ გრძნობას მათში ვერავინ ამოშლის. გურულის სიამაყე – „პათოსია მანძილის“, იგულისხმება „ჩემსა“ და „სხვებს“ შორის”.
გრიგოლ რობაქიძე
გურია და გურულები