საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, USAID – ის ჩართულობით, წყლის ხარისხის გაუმჯობესებასა და ამ სფეროს ეფექტიან ფუნქციონირებაზე აქტიურად მუშაობს.
პირველ ეტაპზე ხორციელდება არსებული სისტემის შესწავლა. ამ მიზნით, გუბერნიებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მიმდინარეობს.
გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე დღეს, წყლის ამერიკელ ექსპერტს ქეილ ქეისს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული პრობლემები და იმსჯელეს გადაჭრის გზებზე. როგორც მერაბ ჭანუყვაძემ აღნიშნა, ამერიკელი ექსპერტი ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყლის სისტემების გაუმჯობესების მოდელის შემუშავებაში. გეგმის თანახმად, მოხდება ადგილზე მდგომარეობის შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება, რათა სრულად მოხდეს სოფლების დაფარვა წყლის სისტემებით.
ქეილ ქეისი: „დღეს გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა გუბერნატორთან. ჩვენ საკმაო დრო დავუთმეთ იმაზე საუბარს, თუ რა გამოწვევები ახლავს რეგიონში წყალმომარაგების მიწოდებას. ჩემი აზრით, გუბერნატორის შეხედულებები საინტერესოა და სპეციალისტებთან ერთად ამ საკითხზე ნაფიქრი აქვს. შესაბამისად, ველით უფრო მეტ თანამშრომლობას, რაც რეგიონში წყალმომარაგების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“. (R)