დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლას, ამავე სოფლის მკვიდრი, გურიის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ნესტორ მიქატაძე ეწვია, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საჩუქრად წიგნების მორიგი კოლექცია გადასცა.
_ ეს პირველი ქველმოქმედება არ არის ბატონი ნესტორის მხრიდან. სკოლას მისგან უკვე გადაცემული აქვს 3500 ლარზე მეტი ღირებულების საუკეთესო მხატვრული ლიტერატურა. მან ჩვენი სკოლის “ღარიბი” ბიბლიოთეკა გაამდიდრა და კიდევ გვპირდება თანადგომას. ამისთვის მადლობას მოკლედ ვეტყვი, რადგან არ უყვარს პომპეზურობა, _ თქვა შეხვედრაზე მერიის საჯარო სკოლის დირექტორმა ავთანდილ კეჭაყმაძემ.
გარდა სასკოლო ბიბლიოთეკისთვის გადაცემული წიგნებისა, ნესტორ მიქატაძემ, სწავლასა და სპორტში მიღწეული წარმატებისთვის, 10 მოსწავლეს საუკეთესო წიგნები გადასცა.
_ თქვენ დღეს პერსონალურად გჩუქნით საუკეთესო წიგნებს. მათ შორისაა საქართველოს ისტორიის ათტომეული. ეს იმ ქვეყნის ისტორიაა, რომელიც მომავალში თქვენ უნდა ჩაიბაროთ. ვეცდები, რომ უახლოეს ორ წელიწადში სოფელ მერიის საჯარო სკოლას საუკეთესო ბიბლიოთეკა ჰქონდეს, _ თქვა ნესტორ მიქატაძემ დ საჩუქრები პირადად გადასცა მოსწავლეებს.
მან ასევე 75 წლის იუბილე მიულოცა სკოლის ამაგდარ მასწავლებელს, დღევანდელი ღონისძიების წამყვანს ციური ბაბილოძეს, რომელიც 55 წელია მერიის საჯარო სკოლაში მუშაობს და დღემდე უცვლელი ენერგიულობით გამოირჩევა.
დასასრულს, სკოლის მოსწავლეთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მონაწილეობით, შესრულდა მუსიკალური ნომრები.