დღეს დილის 12 საათიდან აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ასევე, გურიის რეგიონში. თუმცა გადაადგილებას შეძლებენ ის ავტომობილები, რომელთაც მოძრაობა კრიტიკულად აუცილებელია. მათ შორის, ექიმები, სასწრაფო სამედიცინო სამსახურები და კონკრეტულად განსაზღვრული საჯარო სამსახურების თანამშრომლები. შეზღუდვის მიუხედავად სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.
გურიის გუბერნატორის, ზურა ნასარიას თქმით, გურიაში, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, სასაფლაოზე გასვლა იკრძალება.
“რაც შეეხება სასაფლაოებთან გადაადგილებას, გურიაში არსებულ ყველა სასაფლაოზე, როგორც ქალაქში ასევე, სოფლებში შესვლა იკრძალება გარდა გამონაკლისი შემთხვევისა. ეს არის მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვა. აღნიშნულ ტერიტორიებზე კონტროლს განახორციელებენ სამართალდამცავები და ყველა სოფლის წარმომადგენელი მოხალისეებთან ერთად. ნებისმიერი წესის დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქციები. პრევენციული ღონისძიებები კეთდება თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის. განსაკუთრებით, ეს ოთხი დღე არის უმნიშვნელოვანესი და მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა, მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში, დაიცვათ რეკომენდაციები და გაუფრთხილდით ერთმანეთს,”_ გვითხრა ზურა ნასარაიამ.