დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. გურიის საგამოცდო ცენტრში, რომელიც ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში მდებარეობს, დილიდან მძლავრობდა ემოციები.
იმ აბიტურიენტების უმეტესობა, რომლებსაც გამოცდები პირველ სესიაზე ჰქონდათ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან საკმაოდ კმაყოფილი და თავდაჯერებული გამოვიდნენ.
გიორგი დუნდუა, აბიტურიენტი: ზოგადად, ჩემი დაკვირვებით, წლებს თუ გადავხედავთ, გამოცდების ჩატარების მხრივ, ფორმატი არ შეცვლილა. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ვიყავი და დავწერე ესე: „საზოგადოებაზე გარე ინფორმაციები დიდ ზეგავლენას ახდენს“. მოვიშველიე უზნაძის თეორია, ასევე მამარდაშვილის კონტექსტიც ჩავსვი… იმედით ვარ. ემოციები არის, თუმცა, დადებითი.
გიორგი კეჭაყმაძე, აბიტურიენტი: მე იურიდიულ ფაკულტეტს „ვუმიზნებ“. მიყვარს ქართული ლიტერატურა. გალაკტიონის „მთაწმინდის მთვარის“ ანალიზი დავწერე. იმედი მაქვს, რომ კარგად გამომივიდა. ზოგადად, შიშის განცდა არ მაქვს. ემოცია, ბუნებრივია, არის.
_ კარგი თემები იყო შერჩეული. აბიტურიენტებსაც, ვინც თავიდანვე კარგად სწავლობდა, ანალიტიკური თემის დაწერა არ გაუჭირდება. თუმცა, ვიტყვი იმასაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ გალაკტიონი ყველას გვიყვარს, მისი ლექსის თუ ლექსების ანალიზი რთულია და სააზროვნო. იმედი მაქვს, რომ გურული აბიტურიენტები, კონკრეტულად რაკი ამ რეგიონში ვართ, ამიტომ ვამბობ, თავს გამოიჩენენ. ძალიან კარგი, სწავლაზე მოტივირებული თაობა მოდის, – თქვა „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაია ღლონტმა.