დღეს, საღამოს, ოზურგეთში საახალწლო ნაძვის ხე აინთება. მანამდე კი, თეატრის წინ მდებარე მოედანზე აღმართული, საზეიმოდ მორთული ნაძვის ხის ირგვლივ, ოზურგეთის მომსახურების ცენტრის თანამშრომლები, ტერიტორიას თოვლისგან საგულდაგულო ასუფთავებენ.
ორი დღით ადრე, იქვე, ბაღში, ჭადრებზე საახალწლო ნაირფერი ნათურები აციმციმდა.
ორდღიანი თოვის შემდეგ, მზეც, თითქოს, საგანგებოდ აინთო და ჭადრების ბაღში სითბოს მიფიცხებული გურულებიც ჩვეული, უწყინარი და ლაღი ხუმრობით ირთობენ თავს:
„გუშინწინ ჭადრებზე ეინთო ციმციმები, აი, ტანადი როდის ეინთება, ნეტა?“
„რაია მერე, გურულები ნამდვილად ვართ ყველაფერში ორიგინალურები, ნაძვის ხე ცოტა ხნით ჭადრის ხემ შეცვალა. სერიოზულად ვამბობ, აბა, თუ ვინმეს შეუძლია, მოიფიქროს ამფერი…“
„ონში და ხონში რო აუნთიათ, მაგენი ჩვენ სისწრაფეში გვაჯობებენ? წუხანდელ თოვაში რა ფასი ჰქონდა ამის ანთებას. პატარძალი რომ გააგდო ყიამეთში, იმფერი იქნებოდა… ამ საღამოს კი აბჟღვიალდება…“
[sexy_author_bio]