ბაბუა (ანტონ ელიაძე), ყმაწვილობაში გურიელების კარზე ყოფილა ნამსახური. მალაქია ბატონიშვილს (ერისთავს) ჩვენს სოფელში საზაფხულო რეზიდენცია ჰქონია და ბაბუაც ბავშვობიდან თავის საბრძანებელში ჰყოლია. ბაბუა იხსენებდა, რომ მალაქიას ორი და ჰყავდაო _ დესპინე და პელაგია, რომლებიც დიდად ნაკითხი და განათლებულნი ყოფილან. ისინი მათთან მომუშავე გოგო-ბიჭებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ. მოგეხსენება, გურული ენამახვილი იუმორი. პელაგია ეტყოდა თურმე რომელიმე ბიჭს:
_ ბიჯო, ახლა იმისთანა ზღაპარი მითხარი „მიდღემში“ რომ არ თავდებაო.
_ რა გითხრათ, ქალბატონო, გათენდება, დაღამდება, სადილ-ვახშამი, სადილ-ვახშამი…. გათენდება, დაღამდება, სადილ-ვახშამი, სადილ-ვახშამი….
_ რაა, ბიჯო, ესო? _ შეიცხადებდა პელაგიაო.
_ ესააო ქალბატონო, გაუთავებელი, სხვა ყველაფერი თავდებაო.
ახლა მეორეს ეტყოდაო _ აბა, ერთი კარგი ლექსი მითხარი ან მიმღერეო, ანდა სასაცილო რამე მომიყევიო. იყო ოხუნჯობა, მხიარულობა, ქალბატონები კისკისებდნენ და ასე გადიოდაო ზაფხულიო, _ იგონებდა ბაბუა. სხვათაშორის, იგი განსაკუთრებით აღნიშნავდა, რომ დასჯით არავის სჯიდნენო.
ბაბუა დიდად განათლებული კაცი იყო. ჭკუას არიგებდა ახალგაზრდობას, რომლებიც მის ირგვლივ მუდმივად ტრიალებდა. იგი ძალიან საინტერესო ამბებს ჰყვებოდა, მაგრამ მე პატარა ვიყავი და სამწუხაროდ, ბევრი არაფერი მახსოვს.
წერა-კითხვა ადრე ვისწავლე _ ბაბუამ მასწავლა. მეზობლის ბავშვები რომ წაიყვანეს სკოლაში, მე ავტირდი, მეც წამიყვანეთ-მეთქი. ბაბუამ დამამშვიდა და წამიყვანა. მასწავლებელს ისე მოვწონებივარ, სახლში აღარ გამოვუშვივარ და ასე გავხდი სკოლის მოსწავლე ხუთწლინახევრის ბავშვი. მასწავლებელი მყავდა ვანო გედევანიძე _ დიდებული პიროვნება, ძალიან ვუყვარდი, სულ მეფერებოდა. მეორე კლასში ვიყავი, როცა რევიზია ჩატარდა და ჩემი ჯგუფი ერთი წლით წინ გადაახტუნეს. ასე რომ, შვიდწლედი რომ დავამთავრე, 12 წლისაც არ ვიყავი. მამას (იმ დროს ბაქოში მუშაობდა) სკოლის დირექტორმა ჩემი ატესტატი არ მისცა _ უწლოვანია და თუ გნებავთ იაროს ერთი წელი მეშვიდე კლასში და მერე მივცემო. მაგას ჩარჩენილი ერქმევაო და მამა ამაზე არ დათანხმდა. ერთი წლის შემდეგ მომცეს ატესტატი.
ბაბუა რომ გარდაიცვალა, 8 წლის ვიყავი. მყავდა პატარა დაიკო და უფროსი ძმა, რომელიც, სამწუხაროდ, სტუდენტობის პერიოდში დაიღუპა. ბაბუას ბევრმა ადამიანმა მიაგება პატივი, მაგრამ მათ შორის ორი მანდილოსანი, როგორც საკუთარ მამას, ისე ტიროდა. დედას ვკითხე: შენ და არა გყავს და ვინ არიან ეს ქალები-მეთქი.
– ეს ქალები შენს ბაბუასთან და ბებიასთან ნამსახური არიანო, მამაჩემმა გაათხოვა და გაამზითვაო.
ფოტოზე თამარ მჟავია-დოლიძე