20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებულ აქციის კიდევ სამ მონაწილეს ბრალს ოფიციალურად, დღეს წაუყენებენ.
გამოძიების ინფორმაციით, 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.
კერძოდ: უწყების განმარტებით, დაკავებულები არიან: „1974 წელს დაბადებული ც.ც., რომელიც თავს დაესხა სამართალდამცველებს, აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელკეტს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში. 1994 წელს დაბადებული ს.ბ., რომელმაც სამართალდამცველებს წაართვა თავდაცვითი დანიშნულების საგანი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში. 1989 წელს დაბადებული ლ. ჯ., რომელიც სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში“.
აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეის მდგომარეობით, პასუხისგებაში სულ 12 პირია მიცემული.