გუშინდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული. გუშინ გაიმარჯვა მთლიანად საქართველომ და ვფიქრობ, დადგა დრო, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვას პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და უნდა დავადგეთ დემოკრატიული განვითარების გზას, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების თაობაზე.
გიორგი ვაშაძის თქმით საქართველოს მოსახლეობას ყველაზე დიდი არჩევანი შემოდგომაზე აქვს გასაკეთებელი, სადაც, ვაშაძის თქმით უნდა აირჩიონ ან რუსულ ვექტორზე გადასული საქართველო, ან ამერიკული და ევროპული ინვესტიციები და სადაც იქმნება სამუშაო ადგილები.
„მინდა მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს და ყველას, რომ ახლა ყიჟინის დრო არ არის, ახლა არის კიდევ უფრო მეტი მუშაობის დრო, ჩვენი გეგმაზომიერი ნაბიჯების დრო იმისთვის, რომ საბოლოოდ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება. გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იქნას მიღებული თავიდან ბოლომდე.
მინდა მივმართო ყველას, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, საქართველო გაიმარჯვებს მაშინ, როცა დავანებებთ და შევეშვებით სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, სწორედ მაშინ დავიწყებთ სრულიად ახალი ტემპით განვითარებას. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები. ყველაზე დიდი არჩევანი მაშინ უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ – ან საქართველო, სადაც შემოდის ამერიკული და ევროპული ინვესტიციები და სადაც იქმნება სამუშაო ადგილები ან საქართველო, რომელიც არის რუსულ ვექტორზე გადასული, ივანიშვილის საქართველო, რომელიც არ ვითარდება და შიმშილი და გაჭირვება აწუხებს მოსახლეობას. ეს დიდი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა. გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვეს.