ქართველი პარლამენტარები მხიარული, უდარდელი და, ამავდროულად, მოცლილი ადამიანები არიან. ერთი პერიოდი ფეხბურთის გუნდიც კი ჩამოაყალიბეს, რომელშიც ვლადიმერ გუცაევის ადგილი არ მოიძებნა.
ბატონი ალექსანდრე შალამბერიძე საკუთარ „სპორტულ კარიერას“ შემდეგნაირად იგონებდა:
„პარლამენტში ფეხბურთის გუნდის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს, რომელიც შიშის ზარს დასცემდა ყველას. გუნდის შექმნა კაკო ბობოხიძემ ითავა. ბურთის გორაობა მეც მიყვარდა, თავდასხმაში ვიყავი და მეკარეს – ირაკლი მინდელს, სისხლს ვუშრობდი. მოვიდა ბობოხიძე და მეუბნება:
– ზნაჩიტ, ტაკ, თავდასხმაში მე და შენ ვიქნებით.
– კარგი რა, კაკო, – შორს დავიჭირე, – თავდასხმაში მე ვიყო და ვოვა გუცაევი ტრიბუნაზე იჯდეს? მიდი, შესთავაზე, უარს არ გეტყვის.
– გუცაევმა თამაშისა რა იცის, – ხელი ჩაიქნია, – პირს დააღებდა, რო ენახა, გუშინწინ ცარიელ კარში სამი მეტრიდან როგორი ბურთი გავიტანე.
– გუცაევი 100 წლისაც რომ იყოს, ვერ აჯობებ, – ცივი წყალი გადავასხი.
– შენც ტრიბუნაზე იჯდები! – გაბრაზდა, – ორივეს თუ „კაკო-კაკო“ არ გაძახებინოთ, კაცი არ ვიყო!”