გვარის შეცვლისთვის ახალი რეგულაციები დაწესდება – საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა წარადგინა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს იქნება ერთ-ერთი ნაწილი იმ კომპლექსური გეგმისა, რომელიც ვიზის გარეშე მიმოსვლის შეჩერების რისკის პრევენციას ითვალისწინებს.
„მოგეხსენებათ, რომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით გაჩნდა გარკვეული პრობლემები, გამოწვევები. ჩვენ გვაქვს კომპლექსური გეგმა შემუშავებული. ამაზე იყო საჯაროდაც საუბარი. დიპლომატიურ წარმომადგენლობებთანაც გვქონდა კომუნიკაცია, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და ვდგამთ კომპლექსურ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ამ ნაბიჯების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლავთ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოტანილი ცვლილებები, რომელიც გვარის შეცვლის პროცედურას, გარკვეულწილად, ართულებს,“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეები გვარის შეცვლის შედეგად, რამდენჯერმე, სხვადასხვა გვარით ახერხებენ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლას, რაც დანაშაულია.
„ჩვენ ვართულებთ ამ პროცედურას. ეს შეთანხმებულია ევროკავშირთან, წევრ ქვეყნებთან და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ამას გაგებით მოეკიდებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან ავიცილოთ ვიზის გარეშე მიმოსვლის შეჩერების რისკი და ეს არ არის ერთადერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.