გიორგი ბუნტური ჩოხატაურის “ბახმაროს” მეკარეა. იგი თინეიჯერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
25 წლის მეკარე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ფეხბურთით 8 წლის წინ დაინტერესდა.
“ვთამაშობდი რუსთავში, თბილისში. ცოტა ხნით თურქეთშიც ვითამაშე. სამი წლის წინ მოვედი “ბახმაროში”. მაშინ ტრავმა მქონდა, თუმცა, სინჯების შემდეგ მაინც დამტოვეს. მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ არის, როდემდე ვიქნები აქ. ვცდილობ, მაქსიმალური გავეკეთო და მცირედი წვლილი მაინც შევიტანო გუნდის წარმატებაში. ვნახოთ, როგორ გამომივა”, _ აღნიშნა ბუნტურმა.
როგორც აღმოჩნდა გიორგი ბუნტური მხოლოდ ფეხბურთით არ არის დაკავებული _ იგი წარმატებული მოდელიცაა.
“5 წელია რაც შეხება მაქვს პოდიუმთან, თუმცა, ამას არ აქვს სისტემატური სახე. ადრე კონტრაქტი მქონდა, პერიოდულად მირეკავდნენ რეკლამებში გადასაღებად. აქტიური არ ვარ ამ სფეროში, რადგან მივიჩნევ, რომ ჩემი ძირითადი პროფესია მაინც ფეხბურთია და შესაბამისად, არ მაქვს დრო სხვა რაღაცებისთვის”, _ გვითხრა ბუნტურმა.
მისივე ინფორმაციით, საფეხბურთო პაუზის დროს კონკურსებითაც დაკავდა და წარმატებასაც მიაღწია.
“ 2017 წელს, მონაწილეობა მივიღე “Golden Brand”-ში და პირველი ადგილი დავიკავე. ვფიქრობ, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა ნამდვილად ღირდა. ყველაფერს ვაკეთებდი წარმატების მოსაპოვებლად. ორი ტური იყო _ ფინალში 15 მოვხვდით. ჟიურის 25 წევრმა ერთხმად დამიჭირა მხარი, ასევე, ხალხის რჩეულიც გავხდი”, _ ამბობს გიორგი ბუნტური.
მისივე თქმით, ეს ამბავი ჩოხატაურში გაუკვირდათ, რადგან მოდელი ფეხბურთელი უცხო იყო:
“თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ. ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო ჩემთვის. ვერ გეტყვით, რომ ახლა დიდი ინტერესი მაქვს მოდელობის მიმართ, თუმცა, თავისუფალ დროს მაინც კარგია, ერთობი და ყოველთვის რაღაც ახალს სწავლობ”, _ აღნიშნავს გიორგი ბუნტური, რომელმაც რამდენიმე სააგენტოს თანამშრომლობაზე უარი უთხრა:
“არ შემიძლია, რომ მთელი ჩემი ნაშრომი წყალში ჩავყარო, მივატოვო ფეხბურთი და წავიდე. ამიტომაც ვთქვი უარი რამდენიმე სააგენტოსთან თანამშრომლობაზე, მათ მიერ შემოთავაზებულ პრიზებზე, მხედველობაში მაქვს საგზურები”, _ დასძინა ბუნტურმა, რომელიც აპირებს, რომ სამოდელო საქმიანობას მხოლოდ თავისუფალი დრო დაუთმოს.