დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა.
“რიკოთის 52 კმ-იანი მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო (E60) მაგისტრალური გზის ყველაზე გამომწვევ მონაკვეთს წარმოადგენს, რასაც ევროპული საგზაო ქსელი ჰქვია და აბრეშუმის გზა. შესაბამისად, ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა რიკოთი იმ მასშტაბური სამუშაოდან და იმ რთული გარემო პირობებიდან, რომელის ფარგლებშიც ხდებოდა დაპროექტება და შემდეგ სამშენებლო სამუშაოების წარმოება.
მოგეხსენებათ, 4 მონაკვეთად არის დაყოფილი. 51 გვირაბი და 97 ხიდია აღნიშნულ 4 მონაკვეთზე. ყველაზე გრძელი გვირაბი არის ამ გვირაბის პარალელური და 45 მეტრი არის დარჩენილი მის გაჭრამდე”,_ განაცხადა ქარსელაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოწვევა იყო რიკოთის მშენებლობა, თუმცა ამ გამოწვევას სახელმწიფომ წარმატებით დასძლია და ამის მაგალითია გუშინ გახსნილი 27 კილომეტრიანი გზაც.
მინისტრის განცხადებით, 51 გვირაბიდან 48 უკვე გაჭრილია, ხოლო 97 ხიდიდან 83 ხიდია აშენებული.
როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, რიკოთის მონაკვეთის მხოლოდ პროექტირებაში ჩართული იყო 140 სპეციალისტი, საიდანაც 56 იყო საერთაშორისო ექსპერტი, ხოლო 84 – ადგილობრივი.
“ამ დიდ გუნდში იმუშავა ყველა შესაძლო სპეციალობისა და დარგის წარმომადგენელმა: გვირაბების, ხიდების, საავტომობილო გზების ინჟინრებმა, გეოლოგებმა, გეოტექნიკოსებმა, ჰიდროლოგებმა, გარემოს დაცვის სპეციალისტებმა, საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებმა და სხვა. გარდა იმისა, რომ პროექტირებაში ჩართული იყვნენ გამოცდილი საპროექტო ორგანიზაციები, მათ მიერ მომზადებულ პროექტს აუდიტი ჩაუტარეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დამოუკიდებელმა სპეციალისტებმა მათ შორის, ფრანგებმა იტალიელებმა, ავსტრალიელებმა, ავსტრიელებმა და მხოლოდ მათი დასტურის შემდეგ დამტკიცდა რიკოთის პროექტი“, _ განაცხადა ქარსელაძემ.