“რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეხუთე წელი დაიწყო და ჩვენ შევიკრიბეთ იმის გასახსენებლად, რომ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ თავისი, როგორც ქვეყნის, გადარჩენისთვის, არამედ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და პასუხისმგებლობის უნივერსალური პრინციპების დასაცავად. პრინციპების, რომელიც აქ, საქართველოში ასე კარგად არის გასაგები”,_ ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დისკუსია „ოთხი წლის შემდეგ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრას ეძღვნებოდა.
ჰერჩინსკის განცხადებით, ოთხი წლის წინ, რუსეთმა გაეროს წესდება დაარღვია და თავდასხმა დაიწყო. მას შემდეგ განადგურდა ქალაქები, უამრავი ადამიანი დაიღუპა და შედეგები მთელ მსოფლიოში იგრძნობა.
“დროა, ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს სამართლიანი და მყარი მშვიდობით.
თუმცა, მშვიდობის დამყარება ნებისმიერ ფასად არ ხდება. პატივი უნდა ეცეს საერთაშორისო წესრიგის არსებით პრინციპებს – ქვეყნები სუვერენულია, საზღვრების ძალით შეცვლა შეუძლებელია და აგრესიის ზეობა წარმოუდგენელია.
ევროპას უკრაინის უსაფრთხოებაში პირდაპირი და ღრმა ინტერესი აქვს. ამ ომის შედეგი ჩვენი კონტინენტის ბედს ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავს. თუ აგრესია წარმატებული იქნება, ეს წარმოადგენს სახიფათო გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, რომ ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა შეიძლება და შესაძლოა სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მოლაპარაკების საგანი გახდეს.
როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აღნიშნა, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა მოლაპარაკებების მაგიდასთან იმაზე მეტი მიიღოს, ვიდრე ბრძოლის ველზე დაიპყრო. მზარდი მსხვერპლის უზარმაზარ ფასად, რუსეთის ძალები მხოლოდ შეზღუდულ წინსვლას აღწევენ. რუსეთის ეკონომიკა სერიოზული წნეხის ქვეშაა, ნავთობის ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად მცირდება და ომზე წელიწადში 250 მილიარდ ევროზე მეტი იხარჯება. ამიტომ, რუსეთის მაქსიმალისტური მოთხოვნებზე პასუხი მინიმალისტური რეაგირებით არ შეიძლება.
უკრაინამ არაერთხელ აჩვენა, რომ მზად არის სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის. ევროკავშირი მტკიცედ გვერდში უდგას უკრაინას და აქტიურად უწყობს ხელს სამშვიდობო ძალისხმევას აშშ-ს ხელმძღვანელობით. რუსეთმა, პირიქით, არ გამოხატა ნამდვილი მზაობა ცეცხლის შეწყვეტის მიმართებაში და მშვიდობიან მოსახლეობასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სასტიკ თავდასხმებს აგრძელებს.
მდგრადი მშვიდობა მოითხოვს დათმობებს რუსეთისგან და არა მხოლოდ უკრაინისგან”,_ განაცხადა დისკუსიაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
გარდა ამისა, ჰერჩინსკის განცხადებით, ევროპული პერსპექტივიდან, ნებისმიერი სანდო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ან სამშვიდობო შეთანხმება მკაფიო პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. მან პატივი უნდა სცეს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა არ იყოს მხოლოდ პაუზა განახლებული აგრესიის წინ. მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი, მდგრადი და უსაფრთხოების ძლიერი გარანტიებით გამყარებული. წარსულმა გვასწავლა, რომ შესაბამისი აღსრულებისა და გარანტიების გარეშე შეთანხმებები შეიძლება სწრაფად გაბათილდეს.
ჰერჩინსკის თქმით, ეს გულისხმობს, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიები.
“ჩვენ ყველას – ევროკავშირს, შეერთებულ შტატებს და ნატოს მოკავშირეებს – ჩვენი როლი გვაქვს შესასრულებელი. ევროკავშირისთვის ეს ნიშნავს სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებას, უკრაინასთან თავდაცვის თანამშრომლობის გაძლიერებას და უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. ბრიუსელში მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს ამ რთულ, მაგრამ აუცილებელ გზაზე წინსვლისთვის.
ამავდროულად, მდგრადი მშვიდობა ვერ იქნება დამყარებული პასუხისმგებლობის გარეშე. საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევების უბრალოდ დავიწყება ან იგნორირება არ შეიძლება. მშვიდობიანი მოსახლეობა საშინლად დაზარალდა და განადგურება წარმოუდგენელი იყო. ომის დამნაშავეებმა და აგრესიაში ჩართულმა პირებმა პასუხი უნდა აგონ შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების მეშვეობით.
ამრიგად, ევროპული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არა მხოლოდ ცხადი სოლიდარობის აქტია; ის ასევე არის ინვესტიცია ჩვენს საერთო ევროპულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო წესრიგის დაცვაში.
უნდა შევინარჩუნოთ უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის უნარი, მაშინაც კი, თუ აშშ-ს მხარდაჭერა შემცირდება. ევროკავშირმა და ჩვენმა წევრმა სახელმწიფოებმა უკვე უპრეცედენტო პოლიტიკურ, ფინანსურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწიეს მობილიზება. ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიას და ვზრდით ფინანსურ მხარდაჭერას, რათა დავეხმაროთ უკრაინას ინსტიტუტების ფუნქციონირებაში, ხელფასების გადახდაში, აუცილებელი მომსახურების მიწოდებასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში.
მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, ვერავინ, მათ შორის მეც, ვერ წარმოიდგენდა, რომ ევროკავშირი დააფინანსებდა და იარაღს მიწოდებდა ომში მყოფ ქვეყანას ჩვენს კონტინენტზე. თუმცა, ამ მომენტმა აჩვენა, რომ ევროკავშირს შეუძლია ადაპტირება, განვითარება და შეუპოვრად რეაგირება, როდესაც ისტორია ამას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ გამორჩეული გამბედაობის მქონე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერით, იმ ხალხისა, ვინც საკუთარი და ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვის.
ევროპას გააჩნია ეკონომიკური სიძლიერე და სტრატეგიული ინტერესი ამ მხარდაჭერის გასაგრძელებლად. უნდა გვახსოვდეს: დღეს უკრაინის მხარდაჭერისთვის გადახდილი ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე დესტაბილიზებული ევროპისა და გათამამებული რუსეთისთვის ხვალ გადასახდელი ფასი.
და ბოლოს, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ამ ომის გლობალური გავლენა. ომმა გააღრმავა განხეთქილება ქვეყნებს შორის, შეასუსტა ნდობა საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ და ყურადღება გადაიტანა ისეთი გადაუდებელი გლობალური გამოწვევებისგან, როგორიცაა განვითარება და კლიმატის ცვლილება. რაც უფრო მალე დასრულდება ეს ომი სამართლიანი და მყარი მშვიდობით, მით უფრო მალე შევძლებთ, რომ ამ საერთო გამოწვევებს მივაქციოთ ყურადღება.
ქალბატონებო და ბატონებო,
ამ ომის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგაც კი, ჩვენი გზავნილი ნათელია: ევროპა გვერდში უდგას უკრაინას და ამას გააგრძელებს მანამ, სანამ საჭირო იქნება.
ჩვენ ვართ მშვიდობის მომხრე, მაგრამ ისეთი მშვიდობისა, რომელიც იქნება სამართლიანი, მდგრადი და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული. მზად ვართ სასაუბროდ, როგორც კი რუსეთი ამ ომის დასრულების ნამდვილ მზაობას გამოავლენს.
მშვიდობისკენ მიმავალი გზა შეიძლება რთული იყოს. მაგრამ ჩვენი ერთგულება უსაფრთხო, სუვერენული და მშვიდობიანი უკრაინის მიმართ ურყევი რჩება”,_ აცხადებს ჰერჩინსკი.


































































