უილიამ კლარკ გეიბლი 1901 წლის 1 თებერვალს დაიბადა ოჰაიოს შტატში. მამამისი სანავთობო კომპანიაში მბურღავად მუშაობდა. დაბადების მოწმობაში ახალდაბადებულ კლარკს შეცდომით მდედრობითი სქესი ჰქონდა მითითებული.
გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, რამდენიმე თვის განმავლობაში, კლარკი უილამეტის ხეობაში ხის მჭრელად მუშაობდა, თუმცა, მალე მობეზრდა ფიზიკური შრომა და მსახიობობა გადაწყვიტა.
მსახიობის კარიერა კლარკ გეიბლმა ორეგონის შტატის თეატრებში დაიწყო, სადაც გაიცნო შეთავსებით აგენტი თავისი პირველი, 14 წლით უფროსი მეუღლე ჟოზეფინ დილონი, რომელმაც გზა გაუკვალა დამწყებ მსახიობს ლოს-ანჯელესში.
პირველ ქასთინგს, სადაც გეიბლი მივიდა, რეჟისორი მერვინ ლე როი ატარებდა ფილმისთვის „პატარა ცეზარი”. რეჟისორი კმაყოფილი იყო გეიბლის პერსონით, თუმცა ფილმის პროდიუსერს, დერილ ზანუკს, არ მოეწონა გეიბლის დიდი ყურები. სწორედ ყურების გამო დაიწუნეს გეიბლი, რომელმაც ქასთინგის შემდეგ პლასტიკურ ქირურგს მიმართა და ყურები დაიპატარავა.
„მეტრო-გოლდენ-მაიერი” სერიოზულად განიხილავდა გეიბლის კანდიდატურას ტარზანის როლზე, თუმცა მოგვიანებით ეს როლი ოლიმპიურ ჩემპიონ ჯონ ვაისმიულერს შეხვდა.
ღრძილების ინფექციის გამო, 1933 წელს კლარკ გეიბლმა პრაქტიკულად ყველა კბილი დაკარგა. იმ პერიოდში იგი მონაწილეობას იღებდა ფილმ „მოცეკვავე ლედის” გადაღებებში, რომლის პროცესიც რამდენიმე თვით გაიწელა, მანამ მსახიობმა პირის ღრუს პრობლემა მოიგვარა. გადაღებების დასრულების შემდეგ, „მეტრო-გოლდენ-მაიერმა” მსახიობის დასჯა განიზრახა და, ფრენსის კაპრას სტუდია „ქოლამბია ფიქჩერზს”, რომელიც იმ დროს მძიმე ფინანსურ კრიზისში იმყოფებოდა, ის დაბალბიუჯეტიანი კომედიური ფილმისთვის „ეს მოხდა ღამით” „ათხოვა“.
კლარკ გეიბლის მთავარ კონკურენტად ჰოლივუდში მსახიობი ჰარი კუპერი ითვლებოდა.
თავდაპირველად კლარკ გეიბლი უარს აცხადებდა თამაშზე ფილმში „ქარწაღებულნი” და მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა, რაც ჰონორარის დამატებით, ბონუსის სახით, მას 50 ათასი დოლარი შესთავაზეს.
მიუხედავად იმისა, რომ „ქარწაღებულნი” მსოფლიო კინემატოგრაფის აღიარებულ შედევრად ითვლება, კლარკ გეიბლს არ უყვარდა ეს ფილმი, რადგან, მისი აზრით, რეტ ბატლერის როლი „ნამეტანი ქალური გამოვიდა”.
კოლეგები და თაყვანისმცემლები კლარკ გეიბლს „ჰოლივუდის მეფეს” უწოდებდნენ.
კლარკ გეიბლი ნადირობის დიდი მოყვარული და იარაღის განთქმული კოლექციონერი იყო. მისი სიკვდილის შემდეგ, მის სახლში 500 ათასი დოლარის ღირებულების რევოლვერები და თოფები იქნა აღმოჩენილი.
სახელი „კლარკი“ კომიქსების სუპერმენმა პერსონაჟმა კლარკ გეიბლის პატივსაცემად მიიღო.
კლარკ გეიბლი დისლექსიით იყო დაავადებული – მას უჭირდა კითხვა. ეს ფაქტი მხოლოდ მსახიობის გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი.
კლარკ გეიბლს ძალიან უყვარდა ვესტერნის ჟანრის ფილმები და სიცოცხლის ბოლო წლებში ნანობდა, რომ ასეთ ფილმებს ადგილი არ დაუთმო თავის ფილმოგრაფიაში.
კლარკ გეიბლი 1969 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა, თავისი უკანასკნელი ფილმის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე.
ავტორი