“გურია ნიუსში“ მკითხველი დაგვიკავშირდა და გასაუბრება გვთხოვა. “რამდენიმე დღის წინ ჩემს შვილიშვილს ტუჩები დაუსივდა, სიცხე მისცა და გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. შვილიშვილმა მითხრა, რომ ვირუსი ჰქონდა. მოგვიანებით გავიგე, რომ რაღაც ვიტამინებს იკეთებენ ტუჩში, რაც სასარგებლო არ ყოფილა თურმე ჯანმრთელობისთვის“, _ გვითხრა ქალბატონმა.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ბოლო დროს, E ვიტამინს ტუჩის დასაბერად ხშირად გამოიყენებენ. მისი გამოყენება ბოლო დროს ოზურგეთშიც პოპულარული ხდება. რამდენად უსაფრთხოა პრეპარატის აღნიშნული დანიშნულებით გამოყენება, ამაში გასარკვევად ქალაქ ბათუმში, დერმატო-კოსმეტოლოგს სვეტლანა გეგეჭკორს დავუკავშირდით.
“ამას იკეთებენ პირადი სიამოვნების გამო, კოსმეტოლოგიაში ეს არ არის დანერგილი. E ვიტამინი არის წვეთოვანი სტრუქტურა, რომელიც კეთდება ღრმად კუნთში. E ვიტამინს ძალიან უჭირს გაწოვა და სათბუნებელი უნდა დაიდო, რომ ბოლომდე გაიწოვოს. E ვიტამინი არის ზეთი და მოიგონეს იმისთვის, აღადგინოს მისი ნაკლებობა ორგანიზმში და არა ტუჩების გასადიდებლად. აქედან გამომდინარე, ეს დიდი დარღვევაა. უბრალოდ, ამ ეტაპზე ეტყობა ჯანდაცვის სამინისტროს არ სცალია. ჩემი ნება რომ იყოს, ყველას დავაჯარიმებდი, ვინც E ვიტამინს იყენებს ტუჩის დასაბერად და სერტიფიკატსაც ჩამოვართმევდი“, _ გვითხრა სვეტლანა გეგეჭკორმა.
მისივე თქმით, კოსმეტოლოგიაში E ვიტამინის გაკეთება არ არის მიღებული.
_ ძალიან კარგი პრეპარატები არსებობს, რომ გაკეთდეს ლამაზი ტუჩი, მაგრამ ჩვენთან ხომ ნორმა არ იციან. მაინცადამაინც გადმოტრიალებული ტუჩი უნდათ. ეს ევროპაში მიღებული არ არის, ყველაფერს თავისი ნორმა და წესი აქვს, ამიტომ ყველაფერი ზომიერების ფარგლებში უნდა გაკეთდეს. ტუჩში არ უნდა შეიყვანო მძიმე პრეპარატი, რომ არ გამოიწვიოს ქსოვილის გადაგვარება. მე ამის წინააღმდეგი ვარ.
E ვიტამინის გაკეთება ტუჩში იწვევს შეშუპებას, ქსოვილის გადაგვარებას, სიწითლეს, სისხლძარღვების სპაზმს, ზიანდება თვითონ ქსოვილის სისხლის მიმოქცევა, ასევე, შეიძლება წარმოიქმნას დაჩირქება.
ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი გართულება შეიძლება მოჰყვეს ტუჩებში E ვიტამინის გაკეთებას. E ვიტამინი იაფია, ლარნახევარი ღირს ერთი ამპულა. ერთი ამპულით მიაღწევთ იმას, რომ დიდხანს გექნება დაბერილი ტუჩი“, _ თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას სვეტლანა გეგეჭკორმა.