ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში, რომელიც არ შედის ქართული საზოგადოებისა და განათლების ინტერესებში, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
ამილახვარის განცხადებით, რუსული უნივერსიტეტის შექმნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის დამაზიანებელი პროპაგანდა და ტყუილი.
„არანაირი კონსულტაცია, შეხვედრა, წინარე შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არ ყოფილა და ვერც იქნება. ეს არის ჩვენი ოპონენტების, ქვეყნის მტრების ის დამაზიანებელი პროპაგანდა, რომელსაც გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ან ვიღაცის უბრალოდ იდეაზე დაყრდნობით იყენებენ ხელისუფლების, განათლების სისტემისა და შემდგომ სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია ვიმოქმედებთ სახელმწიფოებრივად, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში, რომელიც არ შედის ქართული საზოგადოებისა და განათლების ინტერესებში“,- აღნიშნა ამილახვარმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამბობენ, რომ ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთის დაფინანსებით იხსნება რუსულ-ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სიმართლეს არ შეესაბამება.