ფაქტად რჩება, რომ ლანჩხუთში, ბოლო წლებში, რეკორდულად დაიწია მიწის დამუშავების მაჩვენებელმა და როგორც სტატისტიკა მოწმობს, ყოველი წელი ამ მხრივ უკუსვლით აღინიშნება. თუ ვაუჩერიზაციის პირობებში მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, 4 800 ჰექტარი მიწის ფართობი მუშავდებოდა, შემდგომ წლებში ეს მაჩვენებელი სამი ათასის ქვემოთ ჩამოვიდა, რაც ლანჩხუთში არსებული საყანე ფართობების 30 პროცენტიც კი არაა.
ხვნა-თესვასთან დაკავშირებული პრობლემები ლანჩხუთის მოსახლეობას დიდი ხანია აწუხებს. გარდა იმისა, რომ მუნიციპალიტეტში სახნავ-სათესი ტექნიკის დიდი დეფიციტია, რის გამოც ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა ყანის გარეშე და შემოდგომა-ზამთრისთვის უსიმინდოდ რჩება, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რატომაც ვერ ახერხებს სოფლის მოსახლეობა ფართობების დახვნა-დათესვას, როგორც თავად ამბობენ, მატერიალური სიდუხჭირეა. მათი თქმით, არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, რომ ხვნა-თესვისთვის საჭირო თანხა მოიძიონ. მით უმეტეს, ახლა, როცა საგაზაფხულო სამუშაოები მალე უნდა გააქტიურდეს, საწვავსა და მინერალურ სასუქზე კი ფასები კატასტროფულად გაზრდილია.
“ძალიან რთული მდგომარეობაა. წელს მოსახლეობის ნახევარი ვერ დათესავს სიმინდს. სამაგიეროდ, შემოდგომიდან დადგება რთული ვითარება. ჰექტარზე ნაკლები ყანა არასდროს დამითესია, მარა წელს როგორ იქნება ჩემი საქმე არ ვიცი _ ნახევარ ჰექტარსაც ვერ დავამუშავებ, მგონი. საწვავის ფასი ოთხ ლარს აცდა, სასუქი ახლა ღირს 80 ლარი და ყანობის სეზონზე ხომ კიდე გაძვირდება?! როგორ უნდა შეწვდეს სოფლად მცხოვრები ადამიანი ამხელა ფასებს?! ლანჩხუთი აგრარული მუნიციპალიტეტია და ჩვენთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიწის დამუშავება აგროვადებში. ბაზარზე ერთი ფუთი სიმინდის ფასი 35 ლარზეა ასული, თუ მასობრივად მოხდა ფართობების გაჩერება, მაშინ შეიძლება მისი ფასი უფრო მაღალი დარჩეს. ეს კი ისედაც მძიმე ყოფაში მყოფ მოსახლეობას ცუდ დღეში ჩააგდებს”, _ ამბობენ ადგილობრივები.
ლანჩხუთელმა, ყოფილმა მაჟორიტარმა ომარ ხუციშვილმა ამ პრობლემის თაობაზე ღია წერილით მიმართა გურულ პარლამენტარებს _ ნინო წილოსანს, არჩილ თალაკვაძესა და ვასილ ჩიგოგიძეს:
“რისთვის გვჭირდება დეპუტატები, თუ ისინი საკუთარი ამომრჩევლის მიმართვას, შეკითხვას, მოსაზრებას მნიშვნელოვან საკითხზე არ გაეცნობა და დროულად არ უპასუხებენ?
მხედველობაში მაქვს 2 მარტს გურიის რეგიონიდან პარლამენტში არჩეული დეპუტატების არჩილ თალაკვაძის, ნინო წილოსანის, ვასილ ჩიგოგიძის სახელზე გამოქვეყნებული მიმართვა, რომელიც ქვეყანაში საგაზაფხულო სამუშაოების მთავარ საქმედ გამოცხადებას და მოსახლეობისთვის დახმარების აუცილებლობას ეხებოდა.
23 მარტს, შეხსენების მიზნით, მეორედ გამოვაქვეყნე იგივე მიმართვა, მაგრამ პასუხი ამჯერადაც არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ მიმართვა სამივე დეპუტატის პირად გვერდზე მოინიშნა.
როცა არ პასუხობენ, გასაგებია. ესეც, თავისთავად, პასუხია, რაც პირველ რიგში, საკითხის მიმართ უინტერესო და უარყოფით დამოკიდებულებას ნიშნავს. ასეთი დამოკიდებულება და უყურადღებობა ამ კონკრეტული საკითხის მიმართ საშიშია და მიუღებელი. თუ ომს და ბომბებს გადავურჩებით მეორე უბედურებაა მოსალოდნელი. წლის ბოლოდან დაცარიელებული ბაზრებისა და მაღაზიების ფონზე თუ ზამთრის მარაგი არ გვექნა მთელი სიმწვავით დადგება შიმშილისგან თავის გადარჩენის პრობლემა.
ამიტომ დეპუტატებს ამჯერად მესამედ მოგიწოდებთ: საწვავზე და სასუქზე კატასტროფულად გაზრდილი ფასების გამო მთავრობაში განიხილეთ მოსახლეობაზე მაქსიმალური დახმარების შესაძლებლობა, რომ თითოეული მეტრი მიწიდან მივიღოთ მოსავალი.
მანამდე კი ერთმა ადამიანმა, რომელსაც დეპუტატებისგან დადებითი პასუხის მოლოდინი ჰქონდა, ასეთი რამ თქვა. “მაგენს რა ენაღვლება, 100 დოლარი რომ გახდეს ერთი ცალი პური მაინც იყიდიან. ჩვენ რა გვეშველება?!” _ წერს ხუციშვილი ფეისბუქზე გავრცელებულ მიმართვაში.
ომარ ხუციშვილის ამ პოსტს არაერთი ლანჩხუთელი ეხმიანება.
“ძალიან მაშინებს და მაწუხებს ეს პრობლემა… ალბათ, 10% საყანე ფართობების არ (ვერ) დაიხვნება… კატასტროფული ფასებია საწვავზე, სასუქზე… კიდევ მაქვს იმედი, მთავრობა რაღაც დოზით მაინც დაგვეხმარება… სხვანაირად მეტად მძიმე შემოდგომა გექნება...” _ იმედს გამოთქვამს ლანჩხუთის საკრებულოში ლესის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ელისო ჭიჭინაძე.
“სამი დღის უკან თეთრი სიმინდი ფუთი 40 ლარი ღირდა ფოთში, ლანჩხუთში საერთოდ ვერ ვნახე, რომ დამჭირდა. რამდენადაც ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს მოსახლეობასთან, მათი უმრავლესობა საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებს ხვნა-თესვის დროულად ჩატარებას. სასუქსა და საწვავზე გაზრდილი ფასების გამო აუცილებელი იქნება სახელმწიფოსგან ხელშეწყობა.
ეს სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხია, თორემ დარჩება ყანები დაუთესავი და ხალხი მშიერი. შიმშილი კი ყველაფერს აკადრებინებს ადამიანს!!!” _ პრობლემის აქტუალურობაში ომარ ხუციშვილს დასტურს აძლევენ სხვა ლანჩხუთელებიც.
ცნობისთვის, შარშან მთავრობამ ფერმერების დასახმარებლად მთელი საქართველოს მასშტაბით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში აგროდიზელის პროგრამა აამუშავა, რომლითაც ფერმერებმა დიზელის საწვავის შეძენისას შეღავათები მიიღეს. მათ “სოკარის” საბითუმო ბაზებსა და ავტოგასამართ სადგურებზე დიზელის ყიდვა 1 ლარით ნაკლებ ფასად შეეძლოთ. შარშან საწვავის საბაზრო ფასი 1.90-2.06 ლარის ფარგლებში იყო. აგროდიზელის პროგრამის ფარგლებში, საწვავის ავტოგასამართ სადგურებზე შეძენისას, 1 ლიტრის ფასი 1.16 ლარი იყო, ხოლო საბითუმო ბაზებიდან შესყიდვის შემთხვევაში, რაც 1 500 ლიტრზე მეტი საწვავის შეძენას გულისხმობდა, საწვავის ფასი _ 1.07 ლარს შეადგენდა.
შარშან აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. რეგიონულმა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებმა გასცეს 2 700 000 ლიტრზე მეტი საწვავის ტალონი.
შარშან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობდა, რომ აგროდიზელის სახელმწიფო პროგრამა მომდევნო წლებშიც გაგრძელდებოდა.
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ახალი ინფორმაციით, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა იწყება, რომლის ბიუჯეტიც 35 მილიონ ლარზეა გათვლილი.
“პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრა 1ჰა -ზე 300 ლარით. სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები.
პროგრამის ბიუჯეტი 35 მილიონ ლარს შეადგენს და მისით 300 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.
ბენეფიციარებს სუბსიდია სპეციალურ აგრობარათებზე ქულების სახით დაერიცხებათ, რომლის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გახორციელებისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად შეეძლებათ.
პროგრამის დამტკიცების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს, ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური გახორციელების ხელშეწყობა, წარმოებისთვის საჭირო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და აგრარული სამუშაოების მიმართულებით აქტივობის სტიმულირება.
სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარი ვალდებულია, დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრში”, _ წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობისვე ინფორმაციით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 20 მილიონი ლარის ღირებულების სესხებია გაცემული და აღნიშნული მიმართულებით სესხების გაცემის მიზანია, ფერმერებს შეუმცირდეთ ერთწლოვანი კულტურების მოყვანისას საბრუნავი საშუალებების ხარჯი და შესაძლებლობა მიეცეთ მოიყვანონ მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტი.
ავტორი