არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობელთა კავშირის“ ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების შემსწავლელი სათათბირო ორგანოს-საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. შშმ პირების მშობლების მიზანია, სათათბიროს დებულების შედგენის დროს მათ მიერ დაყენებული საკითხების გათვალისწინება.
აღნიშნული საბჭო შშმ პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის, აუცილებელი პირობების შექმნის საკითხების შესწავლისათვის შეიქმნა
“ჩვენთვის, როგორც თემის წარმომადგენლებისთვის და მშობელთა კავშირისთვის მნიშვნელოვანია, ნათელი იყოს საბჭოს კანდიდატობის წევრმა რა საბუთები უნდა წარადგინოს, ვინ მიიღებს არჩევის პროცესში მონაწილეობას და კანდიდატების არჩევა არ უნდა მოხდეს ერთი პირის მიერ. ამისთვის აუცილებელია, არასამთავრობო სექტორის, მასმედიის და გარეშე პირებისმიერ კომისიის შექმნა. ასევე, აუცილებელია ქვოტების არსებობა და ჩვენი ინიციატივა არის, რომ საბჭოს წევრის აცილების მუხლი ჩაიდოს, თუ გამოიკვეთება წევრის ან ორგანიზაციის პირდაპირი ან ირიბი ინტერესი განსახილველ საკითხის მიმართ“, _ თქვა „გურია ნიუსთან“ საუბრისას “მშობელთა კავშირის“ წევრმა ვეკო წულაძემ.
ვეკო წულაძე, ასევე, აღნიშნავს, რომ მოლოდინი აქვს, შეიქმნება ისეთი დებულება, რომელიც იქნება გამჭირვალე და არ წარმოშობს ზედმეტ კითხვებს,თუ ვინ და რატომ არის საბჭოში, ან რა პრინციპით შეირჩნენ.
“მინდა ვთქვა, რომ საბჭო ადრეც იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ ამ ეტაპზე მიმდინარეობს განვითარების პროცესი, რაც მნიშვნელოვანია. შეიქმნება ახალი საბჭო და იმედს ვიტოვებ, რომ უფრო ეფექტურად იმუშავებს შშმ პირების პრობლემების მოსაგვარებლად“, _თქვა საქველმოქმედო ასოციაცია “გურიას“ ხელმძღვანელმა რომან ლომაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე შეხვედრის აღნიშნა, რომ მეორე შეხვედრაზე უფრო დეტალურად ისაუბრებენ დებულების შესახებ, რის შემდეგ მოხდება მისი დამტკიცება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელმა ლელა საჯაიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ “საკრებულო მაქსიმალურად შეეცდება საბჭოს მუშაობა იყოს ქმედითი და სრულად პასუხობდეს დასახულ მიზნებსა და ამოცანებს”.
ორგანიზაცია “მშობელთა კავშირი“, ასევე, გეგმავს ახალი კვლევის პრეზენტაციას, სადაც ნათლად გამოჩნდება, რა პრობლემებით ცხოვრობენ შშმ პირები გურიაში.
“პრობლემა ბევრია, მალე გვექნება საჭიროებების კვლევის შედეგი და უფრო დეტალურად შემდეგ შევძლებთ საუბარს”, _ გვითხრა ვეკო წულაძემ.