საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რეალური რისკი პრაქტიკულად არ არსებობს,_ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
პაატა იმნაძემ განმარტა, რომ კორონავირუსები ვირუსების დიდი ჯგუფია, რომლითაც ადამიანებიც ინფიცირდებიან. მისი თქმით, ეს არის მსუბუქად მიმდინარე რესპირატორული დაავადების გამომწვევი, თუმცა პერიოდულად ჩნდება ახალი კორონავირუსები, რომლებიც ძირითადად, ცხოველებიდან გადადის ადამიანებზე და ერთ-ერთ მაგალითად, საუდის არაბეთში აქლემებიდან ადამიანებზე ვირუსის გავრცელების შემთხვევა დაასახელა.
რაც შეეხება საქართველოში ვირუსის გავრცელების რისკებს, იმნაძის თქმით, საქართველო ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების მიხედვით მოქმედებს და რამე ტიპის შეზღუდვაზე რეკომენდაცია ქვეყანას ჯერ არ მიუღია.
„რაც შეეხება რისკებს, საქართველო იცავს ყველა მის ვალდებულებას, ანუ ჩვენ ვმოქმედებთ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, რასაც განაპირობებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. დღესდღეობით, რამე რეკომენდაციები ჩინეთთან მგზავრობის ან სავაჭრო შეზღუდვაზე არ არსებობს. ჩრდილოეთ კორეას ვერ დავემსგავსებით, რომელმაც დაკეტა საზღვარი ყველა ტურისტისთვის. ჩვენთან რეალური რისკი პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან პირდაპირი რეისები უხანთან არ გვაქვს. პარიზში ყოველდღიური რეისებია და პარიზში ჯერ არაფერს აკეთებენ, ლონდონში კვირაში სამი რეისია, რომშიც, იქ არ არის პანიკა, მგონი, ჩვენთან გადაჭარბებულია ამის პანიკური შიში“, – განაცხადა იმნაძემ.
ჩინეთში კორონავირუსით რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.