თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა. სამართალდარღვევის ფაქტები აღიკვეთა დიდ ლილოში, გლდანის შემოვლით გზაზე, ვაზისუბანში, წყნეთის გზატკეცილზე, გელოვანის, შატილის, გულუასა და მაჭავარიანის ქუჩებზე.
“სამშენებლო თუ ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების ფაქტების აღკვეთა და რეკრეაციული სივრცეების დაცვა მუნიციპალური ინსპექციის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ კუთხით ქმედით ღონისძიებებს ვახორციელებთ, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მნიშვნელოვანია, რომ გარდა ფინანსური სანქციებისა, სამსახური სამართალდამრღვევს ავალებს დანაგვიანებული ტერიტორიების მოწესრიგებას. გარემოს დანაგვიანებისა და ლანდშაფტური ცვლილების ფაქტებზე რეაგირებას მომავალშიც აქტიურად მოვახდენთ, მოქალაქეებს კი მოვუწოდებთ, სამშენებლო თუ ინერტული ნარჩენი მისთვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილებში, კანონის ფარგლებში განათავსონ“, – განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, გოგი ჩიქოვანმა.
მიმდინარე წელს დედაქალაქის მასშტაბით, სამშენებლო და ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების 134 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც დაწესდა ფინანსური სანქციები, სამართალდამღვევებს კი სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიების დასუფთავება დაევალათ.