კინოსტუდიიდან მსახიობები გადაღებაზე ბათუმში წავიდნენ. ყველა ქალაქში არიან ე.წ. „მაგარი ბიჭები“. ბათუმის „მაგარმა ბიჭებმაც“ მოილაპარაკეს და „სხოდკაზე“ თქვეს: აბა, იპოლიტე გავაშაყიროთო.
ჩამოვიდა თუ არა მატარებლის კიბიდან იპოლიტე, ბათუმელი ბიჭები „საქმეს“ შეუდგნენ. მომენტიც დაიჭირეს. იპოლიტე ბაქანზე ჩამოვიდა, ყასიდად ამოიღო სიგარეტი და არხეინად გააბოლა. მოვიდა ერთი და:
– ბატონო იპოლიტე, მომიკიდეთ რაა… – მოიმარჯვა სიგარეტი.
იპოლიტემ მოუკიდა და დინჯად მიდის.
ახლა მეორე მიადგა:
– მომიკიდეთ, თუ შეიძლება, ბატონო იპოლიტე!
– ა, შვილო, მოუკიდე, მაგრამ სიგარეტი კლავს, კლავს… მოიგერია მეორეც, მაგრამ ჯერ სადაა?
– ბატონო იპოლიტე, თუ შეიძლება, მომიკიდეთ…
– ა, ბატონო, – აღარ ჩეიწვა ეს სიგარეტი, კაცო! – ჩაიქირქილა თავისებურად.
ბათუმელებსაც შერცხვათ, მაგრამ ერთმა მაინც ვერ შეიკავა თავი, გამოვარდა, ჯიბიდან „ბტ“ დააძრო და ჰაერში ააგდო სიგარეტის ღერი. ღერმა დაიბზრიალა და ბიჭმა ტუჩებით დაიჭირა.
სასწრაფოდ გამოიღო პირიდან ხელის თითებით და კიდევ ერთხელ შეაბზრიალა:
– მომიკიდეთ, ბატონო იპოლიტე…
იპოლიტე მაგის ჩიტი იყო სწორედ! მდგომარეობა ელვისებურად შეაფასა:
– თქვენ ჟონგლიორი ხომ არ ხართ, ყმაწვილო? – ეკითხება ბიჭს.
– უჰ, – შერცხვა ბიჭს, – გამოიცანით, მე ჟონგლიორი ვარ.
– ასეა, ხომ? – თავისებურად ჩაიქირქილა იპოლიტემ, – ასეა, ხომ?
– დიახ, ასეა.
– აბა, ერთი კიდევ გააკეთე…
ბიჭი გადარევასაა, დამაფასაო – ისევ ააგდო სიგარეტი, ისევ დაიჭირა ტუჩებით და:
– მომიკიდეთ…
იპოლიტემ სიგარეტის უკვე ჩამწვარი ნამწვი წკიპურტით გაისროლა ზღვის მხარეს.
– აბა, თუ მაგარი ხარ, დეეწიე და მოუკიდე!
ავტორი