2012 წლის ივნისში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლევან ჩხიკვაძემ “გურია ნიუსის” გადამღები ჯგუფის დანახვაზე, ჩოხატაურის ცენტრში “იპოზიორა” და სამი თითის კომბინაციით ყველას დაანახა, როგორი იყო საჯარო მოხელის სახე იმ დროს მუნიციპალიტეტში.
ჩხიკვაძეს თავისი თანამშრომელი, არქიტექტორი გოგი ბოლქვაძე ახლდა, რომელმაც უფროსის საამებლად, ავტომანქანიდან დაგვიფიქსირა, რომ მისი არჩევანი ხუთიანი გახლდათ _ იმ დროინდელი მმართველი პარტიის საარჩევნო ნომერი.
ჩხიკვაძე და ბოლქვაძე ამ პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერები და ამავე პარტიის იდეოლოგიის გამტარებლები იყვნენ. ჩხიკვაძე დადიოდა ყველა შეხვედრაზე, ატარებდა აგატაციას “ნაციონალების” სასარგებლოდ და 2012 წლის არჩევნებზე ამავე პარტიის დამკვირვებელი იყო შუა ფარცხმის საარჩევნო უბანზე. ბოლქვაძეს კი, ეს მისია ჯვარცხმის საარჩევნო უბანზე ჰქონდა დაკისრებული.
როგორც ბოლქვაძის, ასევე ჩხიკვაძის პარტიული საქმიანობის ამსახველი კადრები “გურია ნიუსის” არქივში მრავლადაა. კადრებში კარგად ჩანს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ჩხიკვაძეს მედიის მიმართაც.
თუმცა, ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია “ქართული ოცნებისთვის”, რომ ორივე მათგანისთვის პარტიის კარი გაეღოთ.
უფრო მეტიც, გოგი ბოლქვაძე პარტიაში გააწევრიანეს კიდეც და გამგეობაშიც დააწინაურეს.
“ვალში” არც ჩხიკვაძესთან დარჩენილან _ ის დღეს აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მალე უფროსად დანიშნავენ.
თუმცა, წინ არჩევნებია და ჩხიკვაძეც შრომობს _ ამჯერად “ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ყოველ შემთხვევაში, პარტიაში დადის და “გურია ნიუსის” გამოჩენას ისევ აგრესიით ხვდება.
იხილეთ სტატიები არქივიდან: საჯარო მოხელის სახე, რეალურად, ხალხისთვის დანახებული “შუა თითია!”
“ნაციონალების” დატრენინგებულ საჯარო მოხელეებს დღეს “ოცნება” “ატრენინგებს” _ კადრები არქივიდან