დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა დასასწრაფო რეაგირებას საჭიროებს, – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” [SJC] ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ირაკლი ბებუას ოჯახის წევრის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ირაკლი მძიმე საპატიმრო პირობებში იმყოფება და იმ ფონზე, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავებამდეც სუსტი იყო, იგი ახლა უფრო დამძიმებულია.
“აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და არსებითია მისი დროული გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესების თავიდან აცილებისა და მისი უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
ირაკლი ბებუას ოჯახის წევრების განცხადებით, ირაკლი მძიმე საპატიმრო პირობებში იმყოფება და იმ ფონზე კი, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავებამდეც სუსტი იყო, მისი მდგომარეობა ახლა დამძიმებულია. ირაკლი ბებუას აქვს ქრონიკული დაავადებები და გალში, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო, თითქმის 4 წელი ვერ იღებდა მისთვის აუცილებელ მკურნალობას. აფხაზეთში პატიმრობის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმდა, თუმცა, გამოკვლევები არ არის სრულყოფილი შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. ირაკლი ბებუას ოჯახის წევრების განცხადებით, იმის გამო, რომ ვერ ხდება დაავადების შესაბამისი გამოკვლევა, ვერ ინიშნება სათანადო და ადეკვატური მკურნალობაც. ირაკლი ბებუას მდგომარეობა მუდმივად მძიმდება, ამ პერიოდში მას აქვს მძიმე ტკივილები თავისა და წელის არეში და მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა”, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.