ამას მოხერხება უნდა, რომ კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და სააკაშვილის მარიონეტი გახდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას პარტიის წევრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის სუს-ში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი არ ყოფილა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, გიორგი გახარიას გუნდს სააკაშვილთან მოკავშირეობის გარდა არაფერი დარჩა.
„მე ჩემი მოსაზრება გამოვთქვი. ხალხმა ყველაფერი ძალიან კარგად იცის. მთელ ამ პროცესში, ეს პროვოკაცია და მოღალატეობრივი ჩართულობა ძალიან მარტივი ასახსნელია. ამას მოხერხება უნდა, რომ კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და სააკაშვილის მარიონეტი გახდე. მეტი რაღა კომენტარი გავაკეთო?! თავიდან, ჯერ მათვე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტი არიან. ამის შემდეგ იყო მცდელობა, რომ კოალიცია უნდა შევქმნათ „ქართულ ოცნებასთან“ და ჩვენ ვთქვით, რომ როგორ შეიძლება მოღალატესთან კოალიციაში შეხვიდე. ამის შემდეგ არაფერი დარჩათ ხელში, გარდა სააკაშვილის მოკავშირეობისა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას პარტიის წევრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ სუს-ში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი იყო.
როგორც ხოჯევანიშვილმა ფარული მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, პირველი იქნება, ვინც აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება.