ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართული ბრიფინგის შემდეგ, სადაც ის პირველად გამოეხმაურა უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებას, ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადადგომის ფორმალურ პროცედურებზეც განაცხადა.
კობახიძის თქმით, ამას 50 დეპუტატის ინიციატივა სჭირდება, თუმცა ასეთი პარლამენტში არ არის.
“ფორმალურად, ჩემს გადადგომას სჭირდება 50 დეპუტატის ინიციატივა. თუმცა პარლამენტში დღეს არ არის არც 50 და არც 5 დეპუტატი, რომელიც ასეთ ინიციატივას დაატარებს. ასეთია დღევანდელი რეალობა. თუ რამეს დავაშავებ, შეიძლება ეს საკითხი დადგეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის შესაძლო გადაყენების საკითხს ორი დღის წინ უმრავლესობის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე შეეხო. მან არ გამორიცხა, რომ პარლამენტში, შესაძლოა, ეს პროცედურა დაიწყოს.
“თუ ეს საკითხი დროულად არ გაჩერდება, გამორიცხული არაფერია. როცა პარლამენტში კრიზისი წარმოიქმნება, ვინც ამას იწვევს, იმის მიმართ კითხვები გაჩნდება და ეს რაში გამოიხატება, ამას დრო გვაჩვენებს. ვთვლი, რომ გუნდის შიგნით არის რესურსი დავლაგდეთ, მაგრამ გამორიცხული არასოდეს არაფერი არ არის”, _ განაცახადა ჭიჭინაძემ.
დაპირისპირება მმართველ გუნდში მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უმრავლესობიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ამის მიზეზად მან უმრავლესობის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის მხარდაჭერა დაასახელა.
უმრავლესობის დატოვება “გურია ნიუსთან” საუბრისას არც ზაზა პაპუაშვილმა გამორიცხა: “ჩემი მხრიდან დღის წესრიგში არ დგას პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, მაგრამ არც შეიძლება, რომ გამოვრიცხო”, _ გვითხრა პაპუაშვილმა.