მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ მის მოვალეობას მამუკა ვასაძე შეასრულებს. ვასაძე შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში მისი პირველი მოადგილე იყო.
კანონმდებლობის თანახმად, სწორედ ის შეასრულებს მთავარი პროკურორის მოვალეობას, ვიდრე პარლამენტი ახალ მთავარ პროკურორს არ დაამტკიცებს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მთავარი პროკურორი თანამდებობიდან გადადგა. ირაკლი შოთაძის განცხადებით, მას არ უღირს ზაზა სარალიძის შვილის სიცოცხლედ საკუთარი თანამდებობა. “ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულება მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნების მკვლელობას ეხება”, – აცხადებს შოთაძე.
დღეს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს დაზარალებულების და ბრალდებულების ადვოკატებმაც.
დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა უკვე ყოფილმა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა.
მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2015 წლის 19 ნოემბრიდან მუშაობდა. 2013 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი იყო, 2013-2015 წლებში კი – საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე.
წყარო imedinews































































