“პუბლიკას” ინფორმაციით, ირანელი ხალხის მხარდასაჭერად ირანის საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი აქ პერიოდულად იკრიბებიან მას შემდეგ, რაც ირანში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო და უსაფრთხოების ძალებმა ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი დახოცა.
საელჩოსთან შეკრებილები აღნიშნავენ ისრაელური მედიის მიერ გავრცელებულ დაუდასტურებელ ცნობას, რომ აიათოლა ალი ხამენეი მოკლულია. ინფორმაცია ამ ეტაპზე ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება.
თუმცა Reuters სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, მოკლულია ირანის თავდაცვის მინისტრი და რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური.
აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „ლომის ღრიალი“ დღეს დილით დაიწყეს. ისრაელის მთავრობის განცხადებით, ეს „პრევენციული შეტევაა“. როგორც მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადამ, რომ ირანის მხრიდან არსებობს ბირთვული და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების საფრთხე. ტრამპმა ირანის სარაკეტო უნდუსტრიის სრული განადგურება დაანონსა.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა კი ფართომასშტაბიანი საპასუხო ოპერაცია გამოაცხადა. გავრცელდა ინფორმაცია ირანიდან გაშვებული რაკეტებისა და დრონების შესახებ, თელ-ავივის მახლობლად კი პერიოდულად საჰაერო განგაშის სიგნალი ითვება. სააგენტო Mehr-ის ცნობით, ირანმა იერიში მიიტანა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ბაჰრეინში, ყატარში, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. რეგიონის ქვეყნებმა ჩაკეტეს საჰაერო სივრცე, ავიაკომპანიებმა კი ფრენები შეაჩერეს.






























































