ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ორაჯ ჰარირჩის, ახალი კორონავირუსი დაუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო მედიაც ავრცელებს.
სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, 24 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ირანში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებზე საუბრობდა და უარყოფდა ირანელი დეპუტატის ინფორმაციას, რომლის თქმითაც, ირანში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 50-ს მიაღწია, ხელისუფლება კი ინფორმაციის დამალვას ცდილობს.
AFP ასევე იტყობინება, რომ ორშაბათის პრესკონფერენციისას მინისტრის მოადგილე ხშირად ახველებდა და ოფლი ასხამდა.
ირანის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, 25 თებერვლის მდგომარეობით, ირანში ახალი კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსი კი ლაბორატორიულად 95 ადამიანს დაუდასტურდა.
ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოური მედია დაადანაშაულა ირანში არსებული სიტუაციით მანიპულირებაში. მისი თქმით, ირანის ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს, უცხოური მედია კი მოსახლეობაში პანიკას თესავს.
კორონავირუსს მსოფლიოში უკვე ემსხვერპლა 2 600-ზე მეტი ადამიანი, დაინფიცირებულია 80 ათასზე მეტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 25 ათასამდე პაციენტი.