საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოაცხადა, რომ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ორგანიზაციის მოკლევადიანი დამკვირვებლები ქვეყანაში ჩამოვიდნენ, რაც IRI-ის მიმდინარე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ნაწილია.
მისიას ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი, ჯონ შიმკუსი, შვედეთის პარლამენტის წევრი, მარგარეტა სედერფელდი და IRI-ის პრეზიდენტი დენ თვაინინგი. 28 მოკლევადიანი დამკვირვებელი შეუერთდება ქვეყანაში ივლისიდან მყოფ 20 გრძელვადიან დამკვირვებელს. ამით გაუმჯობესდება მისიის საარჩევნო პროცესის მონიტორინგის და შეფასების შესაძლებლობები.
მოკლევადიანი დამკვირვებლები დააკვირდებიან არჩევნების დღეს, მათ შორის საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათი მუშაობა გააძლიერებს გრძელვადიანი დამკვირვებლების ძალისხმევას, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლის დღიდან აქტიურად მუშაობენ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან, საარჩევნო ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
“საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზა ამ არჩევნებზე მთავარი საკითხია. ჩვენ მოუთმენლად ველით არჩევნების დღეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ საარჩევნო პროცესი ასახავს ქართველი ხალხის ნებას, რომლის უმრავლესობას, IRI-ის გამოკითხვების მიხედვით, სურს დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება და დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირი,” -აღნიშნა თვაინინგმა.
საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა ჩაატაროს გამჭვირვალე, სანდო და ლეგიტიმური არჩევნები. ამ არჩევნების შედეგები გადამწყვეტ როლს ითამაშებს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზის განსაზღვრაში. არჩევნების დღის შემდეგ მალევე, მისია გამოაქვეყნებს წინასწარ განცხადებას, ხოლო ყოვლისმომცველი ანგარიში, რომელიც მოიცავს დეტალურ ანალიზსა და რეკომენდაციებს, გამოქვეყნდება არჩევნების შემდგომ კვირებში. მისიის ყველა აქტივობა მიუკერძოებელი და არაპარტიულია და საარჩევნო პროცესში ჩარევის გარეშე მიმდინარეობს.