Developed By Web Features 2024 © All rights reserved
სამხედრო ტყვეების საკითხი არის უკრაინის საქმე, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითიც უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ტყვედ აყვანასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
კობახიძის თქმით, უკრაინულ მხარესთან ამ თემაზე ვერ ითანამშრომლებენ.
„ეს არის სენსიტიური საკითხი და აქედან გამომდინარე, ბევრ საკითხზე შეიძლება, საჯაროდ ვერც ვისაუბროთ. ამ შემთხვევაში სამხედრო ტყვეებზე ჩვენ ვერ ვიზრუნებთ, რადგან ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები, მაგრამ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა, ვიზრუნოთ მოქალაქეებზე. ამისთვის არსებობს შესაბამისი მექანიზმები. დანარჩენი არის მგრძნობიარე საკითხი, შესაბამისი უწყებების მიერ დასარეგულირებელი და რაიმე პასუხი თუ იქნება გასაცემი, შესაბამისი უწყებები გაგცემენ, თუნდაც მოკითხვასთან დაკავშირებით. ჩემი პრეროგატივა არ არის ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს გაგცემენ შესაბამისი უწყებები. ისინიც ღია არიან პასუხებისთვის. თუ არ გცემენ პასუხს, შეიძლება, ესეც იყოს მნიშვნელოვანი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საჯაროდ არ გაავრცელონ ინფორმაცია.
ჩვენ უკრაინულ მხარესთან ამ თემაზე ვერ ვითანამშრომლებთ. ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ კონკრეტული არხები იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე. რაც შეეხება სამხედრო ტყვეების საკითხს, სამხედრო ტყვეების საკითხი არის უკრაინის საქმე, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები. ასეთია რეალობა, შესაბამისად, გაგრძელდება ზრუნვა იმ კონსტიტუციური ვალდებულების ფარგლებში, რაც დაკავშირებულია მოქალაქის მიმართ პასუხისმგებლობასთან“, – განაცხადა კობახიძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved