ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერიდან “გურია ნიუსს“ თამარ ხუნდაძე დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა:
_ თქვენი იმედი გვაქვს, ძალიან ცუდ დღეშია სოფელი საჭამიასერი, სასმელი წყალი არ მოდის ერთი თვეა, გზა დაინგრა და გამგებელმა ერთი მანქანა აგურის ნამტვრევები დაყარა გზაზე არჩევნებამდე, რომელიც ჯერაც არ გაუშლია არავის. დაგვპირდნენ თეთრი ქანის დაყრას, თუმცა, ჯერ არაფერი ჩანს. შესაბამისად, იმ გზაზე შეუძლებელია წყალი რამეთი ავიტანოთ, ან ექიმი ამოვიდეს თუ დაგვჭირდა, ან ჩვენ ჩავასწროთ საავადმყოფომდე, წყურვილით დამხრჩვალი ხალხი რომ წაიქცეს. გამგებელს უსასრულოდ ვურეკავ და ვწერ მესიჯებს, პრინციპულად არ მპასუხობს. თვის ბოლოს თოვლი დადებს და აპრილის თვემდე ვეღარაფერს გააკეთებენ, თუ ახლა არ მიეხედა სასწრაფოდ. ზამთარი დგება, გზა ჩაიკეტება და ხალხი მოწყვეტილი რჩება სოფლის ცენტრიდან.
ქვის დაყრას მოვითხოვდი და დამტვრეული კედლის ნანგრევები დაყარეს, რომელიც არც კი გაუშლიათ ორი თვეა.
წყალი არ გვაქვს. სადღაც, 7 კილომეტრით არის დაშორებული მაგისტრალი და იქიდან ვეზიდებით ურმებით. იცით, როგორი მდგომარეოაბა? პირველყოფილი თემური წყობილების დრო რომ არის ისე, ურემიც ვეღარ გაივლის, ისეთი სიტუაცი. ცუდად რომ გავხდე სასწრაფო დახმარების მანქანაც ვერ ამოვა. 21-ე საუკუნეში რომ უწყლობით მოკვდება ადამიანი, როგორი იქნება, _ ამბობს თამარ ხუნდაძე.
“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ირაკლი კუჭავას, რომელმაც აღნიშნა, რომ გზის სარეაბილიტაციო
სამუშაოები საჭამიასერში მომავალ წელს გახორციელდება:
_ მაგ უბანში გზა ნამდვილად მოსაწესრიგებელია და მომავალში ვგეგმავთ გაკეთებას. რაც შეეხება ქვების დაყრას, ეს ნანგრევები იქ მცხოვრებლებმა შეიტანეს თვითონ და მუნიციპალიტეტს ამასთან შეხება არ აქვს. წყლის პრობლემას რაც შეეხება, სოფლის ბოლოში არის ორი ოჯახი, რომლებიც, ძირითადად, თბილისში ცხოვრობენ, ჩვენ აღვუდგინეთ მათ წყლის მიწოდება ზაფხულში. ეს არის კერძო წყალსადენი, წყაროდან აქვთ ეზოებში გადმოყვანილი წყალი რამდენიმე ოჯახს. წელს მოუგვარდებათ მათ ეს პრობლემა, _ამბობს კუჭავა.
































































