ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში და საკრებულოებში დისტანციური მუშაობა მოხდება.
გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარია „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიდის მუშაობა რა ფორმატში მოხდება დისტანციური მუშაობა.
„იურისტები მუშაობენ ამ თემაზე. მოხდება ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დისტანციური მუშაობა, მაგრამ როგორ მოხდება, ახლა მიდის წესების დადგენა“,_ გვითხრა ზურა ნასარაიამ.
„მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გამოაცხადა პანდემიად. საქართველოში საკოორდინაციო საბჭო, ბოლო კვირების განმავლობაში, აქტიურად მუშაობს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კორონავირუსის პანდემიის მზაობის რეკომენდაციებს მიჰყვება. მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით ჩვენ ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი,”_ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა მთავრობის ყველა შესაბამისი ორგანო გადადის 24-საათიან, საგანგებო მუშაობის რეჟიმზე.