იგეგმება რამდენიმე ახალი, მცირე ზომის დახურული ტიპის თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ იუსტიციის სამინისტროს მუშაობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი ტიპის ინფრასტრუქტურული დაწესებულებებით, უარს ეუბნებიან ე.წ. ზონური ტიპის ციხეებს.
„საბოლოოდ, ჩვენ გადავდივართ ახლებური ტიპის ინფრასტრუქტურულ წყობაზე. უარს ვეუბნებით ე.წ. ზონური ტიპის ციხეებს“,-განაცხადა ლორთქიფანიძემ.
გოჩა ლორთქიფანიძემ მსჯავრდებულთა დასაქმების პროგრამებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ რაოდენობა გაიზარდა.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა მსჯავრდებულთა დასაქმების პროგრამები. ბოლო მონაცემებით 1000-მდე მსჯავრდებული გვყავს, რომელიც დასაქმებულია. დასაქმების პროგრამებს ძალიან დიდ მნიშვნელობა აქვს მათი რესოციალიზაცია – რეაბილიტაციის თვალსაზრისით. ეს მიმართულება პენიტენციურ სისტემაში კვლავაც გაგრძელდება“,-განაცხადა ლორთქიფანიძემ.