იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში ისაუბრა პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების ნაწილის გასაჯაროებაზე.
„მაშინ, როდესაც რადიკალური ძალები ცდილობენ სახელმწიფოს იმიჯის შელახვას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური მიზანი, რომ საზოგადოება იყოს სწორად ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ამ სახელმწიფოში არავის აწამებენ და პირიქით – მაქსიმალურად ცდილობს სახელმწიფო, რომ ადამიანის უფლებები იყოს ზედმიწევნით დაცული. სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ გასაჯაროებულიყო ეს კადრები, სადაც ნაჩვენებია აგვისტოდან დაწყებული დღევანდელ დღემდე ამ ადამიანის მდგომარეობა”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, არაერთხელ მოუწოდა დაინტერესებულ მხარეს, რომ თავი შეეკავებინათ სააკაშვილის ჯანმრთელობის პოლიტიზებისგან, მაგრამ გამუდმებულ რეჟიმში კეთდებოდა შეფასებები, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
„ერთხელ და სამუდამოდ სპეკულაციებს უნდა დაესვას წერტილი და საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე. ეს სპეკულაცია წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს. სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში ერთადერთი მიზნით, იმისთვის, რომ მას და რადიკალურ ოპოზიაციას ერთობლივად მოეპოვებინათ არაკონსტიტუციური და არაკანონიერი გზით ხელისუფლება. ყველაზე საშინელება, რაც დაიწყო, ეს იყო, რომ გვაბრალებენ, თითქოსდა ამ ადამიანს ვაწამებთ. გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ სახელმწიფოსგან შექმნან მტრის ხატი და საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ სახელმწიფო მას აწამებს და, ამავდროულად, ურღვევს მას სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ჩვენ ვთქვით, რომ თუკი ეს დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც სახელმწიფოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, არ შეწყდებოდა, გავასაჯაროებდით კადრებს”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.