იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ შემთხვევითი არაა ბოლო დღეებში ვაქცინირებულთა ყოველდღიური მაჩვენებლის მატება. მისი გაცხადებით, დღიურად ჩატარებული აცრების დადებითი დინამიკა „მწვანე პასპორტების“ სისტემის ამოქმედებას უკავშირდება.
„არ არსებობს ქვეყანა, რომელმაც „მწვანე პასპორტების“ სისტემა აამუშავა და დადებითი შედეგი არ მიიღო. ჯერჯერობით, ალბათ, ძალიან რთულია საქართველოზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ თუ დააკვირდებით ბოლო სამი დღის განმავლობაში ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობას, დინამიკა დადებითია. ჩვენ, 5 დღის წინ, დღიურად, 1 200 ვაქცინირებულიდან დავიწყეთ და დღეს 7 000-ზე მეტია. ყოველდღიურად მზარდი რაოდენობაა. ეს არ შეიძლება შემთხვევითი იყოს. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ამაში ძალიან მნიშვნელოვანი, თუ არა – გადამწყვეტი, როლი ითამაშა სწორედ „მწვანე პასპორტების“ სისტემის შემოღებამ“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.
საქართველოში ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. ამასთან, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 800-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 041 209 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 780 391 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 711 105, გარდაიცვალა 10 894 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.