ახლახან, ოზურგეთს სტუმრობდა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა. ის პარტიის ოფისში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც თავად აღნიშნა, ჩამოსვლის მიზანი არის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრა, წინასაარჩევნო სამზადისი და მუშაობის გააქტიურება.
გიგი უგულავამ ისაუბრა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნების შესახებ და ძირითადად, ყურადღება გაამახვილა ხელისუფლებიდან ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ არჩევნების გზით ჩამოშორებაზე.
_ ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან ოქტომბერში უნდა წავიდეს. ეს არის ქართული საზოგადოების დაკვეთა და ამაში ოპოზიცია ერთიანია. ეს ჩვენი პრინციპული ერთობაა . ამისთვის უნდა დაიგეგმოს სწორი საარჩევნო კამპანია. სწორედ ასეთ საკითხებზე სასაუბროდ ვართ დღეს ჩვენ აქ და შევხვდებით „ევროპული საქართველოს“ რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან და ასევე მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ მზადაა ყველა კითხვაზე პასუხისთვის.
კითხვაზე, ნამდვილად იქნება თუ არა ხათუნა გოგორიშვილი ოპოზიციის საერთო კანდიდატი გურიაში, მან თქვა, რომ შესაძლოა, ასეც იყოს, თუმცა, ეს უნდა გადაწყდეს ოპოზიციური პარტიების ერთობლივი შეთანხმებით.
_ ცალკე ოპოზიციურ პარტია, რომელიც არ უნდა იყოს, გამარჯვების შანსი არ ექნება. ეს ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული. ამიტომ ერთსულოვანი ვართ საერთო კანდიდატის დასახელებისას. მიმდინარეობს კონსულტაციები, ვინ იქნება გურიის რეგიონში ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი. ალბათ, ათ დღეში გახდება ცნობილი. _ თქვა მან.
გიგი უგულავამ ჩამოაყალიბა მისეული პოზიცია, თუ როგორი სქემით შეიძლება გაიმარჯვოს ოპოზიციამ. ხაზი გაუსვა, რომ ცალკე ვერცერთი ოპოზიციური პარტია ვერ გაიმარჯვებს. 40 პროცენტს ვერ მოიპოვებს და თქვა, რომ ასეთი შედეგის მოპოვება „ქართულ ოცნებასაც“ გაუჭირდება.
_ჩვენი მოქალაქეების დაკვეთაა, ივანიშვილის და მისი “ქართული ოცნების” პოლიტიკიდან წასვლა. ამაში ერთსულოვანია ქართული ოპოზიციაც. ჭაობში ყოფნა და დარჩენა არ შეიძლება და ის უნდა შეიცვლოს ახლით, _ თქვა მან.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე, რომელია ახალი პარტია და დღევანდელი ოპოზიციაც არის თუ არა წარსული და ჭაობი, მან თქვა, რომ ოპოზიციაშიც არის ახალი სახეები. თუმცა, როგორც ასეტი, პოლიტიკური პარტიები არსებობენ მუდმივად და ყოველდღე ახალ-ახალი არ იქმნება. ხდება ბვრი რამის შეცვლა, გადაფასება.
_ჩვენ შევდივართ ახალ ეპოქაში. უნდა მოხდეს ეპოქალური ცვლილებები, სადაც იქნებიან კოალიციური გაერთიანებები და ხელისუფლებები ბატონები კიარ იქნებიან, ისინი იქნებიან მსახურები, ხალხის მსახურები _ განაცხადა უგულავამ.
_ ბატონო გიგი, თქვე ჩამოყალიბეთ თქვენეული ხედვა, ერთგვარი სქემა, რომლის წესის დაცვის შემთხვევაში, ოპოზიცია უთუოდ გაიმარჯვებს. ცალკე რომელიმე კი _ვერა. როგორია თქვენი პროგნოზი, მართლაც რომ პრინციპით, „ძალა ერთობაშია“, გაერთიანდეს მთელი ოპოზიცია , „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებთ ოქტომბერში?
_თუ სწორად წარიმათა გათვალისწინებული და დაგეგმილი საარჩევნო პროცესი, კი. მე ინგა გრიგოლიასთან სანაძლეოც მაქვს დადებული, ციხიდან როცა ჩავერთე. რომ 2012 წლის უკუპროპორციული იქნება ოქტომბერში ჩვენი გამარჯვება, _ ღიმილით გაიხსენა სანაძლეო უგულავამ. თუმცა რამდენად იქნება ეს სანაძლეო არგუმენტი ოქტომბერში ოპოზიცის გამარჯვებისა, ამას შემოდგომაზე ვნახავთ.