საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთმა ჯერ 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შეასრულოს და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი არა უერთიერთობის აღდგენაზე, არამედ დიალოგის დაწყება. ეს არის სალომე ზურაბიშვილის პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აგვისტოს ომის მე-13 წლისთავის წინა დღეებში გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც კრემლი საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენაზე საუბრობს.
“ეს რუსეთის მუდმივი პოზიციაა, რომ, თითქოს, ჩვენზე არის დამოკიდებული. ნება უნდა იყოს მათი მხრიდან და ვხედავდეთ, რომ რაღაცეები იცვლება, დეესკალაციისკენ მიდის იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს არა ურთიერთობების აღდგენა, არამედ დიალოგი. ასეთ კონფლიქტურ სიტუაციაში არის საბოლოო გზა, მაგრამ დღეს ამ გზის თუნდაც დასაწყისი არ ჩანს”, — ამბობს პრეზიდენტი ტვ იმედთან ინტერვიუში.
ის ამბობს, რომ დღეს რუსეთის ეს განცხადება კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის მხარდაჭერა, რასაც დღეს საქართველოს საერთაშორისო საზოგადოება უცხადებს.
“რუსეთი ბოლოსდაბოლოს უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ვართ 21-ე საუკუნეში და უნდა შესასრულოს ის ვალდებულელები, რაც თვითონ აიღო 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით. ეს იქნება ის, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ გადავიდეთ სხვა ეტაპზე, რასაც ჰქვია დიალოგის დაწყება”, _ აცხადებს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომის 13 წლისთავის შესრულებამდე ორი დღით ადრე რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის მზადყოფნაზე დაიწყო საუბარი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ჯერ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი “დანაშაულებრივ რეჟიმად” არის მოხსენიებული, შემდეგ უერთიერთობის აღდგენისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ და იმედოვნებენ, რომ “თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს”. თუმცა, ამ განცხადებაში არც დეოკუპაციაზეა რაიმე ნათქვამი და არც სხვა რაიმე პირობებზე, თუ როგორ უნდა ურთიერთობების გაუმჯობესება. პოსტში გამოქვეყნებულ რუკაზე კი საქართველო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშეა, რაც საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს ისევ ეწინააღმდეგება.