საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის. როგორც პრემიერ-მინისტრმა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსთან“ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა შეძლო მისი მდგომარეობიდან გამოყვანა.
„ჩვენ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ვართ ხელისუფლების თუ პარლამენტის წევრები, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვართ ადამიანები და ჩვენი ღირსება გაგვაჩნია. მინდა, საზოგადოებას, ხაზს ვუსვამ, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმ ზედმეტი ემოციებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება ეს, პრინციპში შეძლო მდგომარეობიდან ჩემი გამოყვანა. ეს არ იყო კარგი საყურებელი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი. ყველაფერი, რაც მანამდე ხდებოოდა, გამიზნული იყო იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო და მე ამას ვერ დავუშვებდი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ემოციები ზედმეტი იყო“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის დღევანდელ შეხვედრაზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პარლამენტში ნიკა მელიას გამოსვლას დაპირისპირება მოჰყვა.
მელიამ პრემიერს უუნარო უწოდა.
„იმისიც კი არ გრცხვენიათ, რომ თქვენგან მესამე ადამიანი უკვე ივანიშვილს შერჩეული ჰყავს თქვენ შემცველად და ვითომ პრემიერ-მინისტრი ხართ ახლა აქ. არც არასდროს გეკითხებოდნენ, არც გეკითხებიან და არც შეგეკითხებიან“, – მიმართა ნიკა მელიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.
პრემიერმა მას მიმართა, არ მიეყენებინა მოსახლეობისთვის შეურაცხყოფა.
„ნიკანორ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ნუ უზრდელობთ. ნუ აყენებთ შეურაცხყოფას მოსახლეობას. მე არ ვაკადრებ ჩემს თავს და იმ ადამიანებსაც, ვინც ჩვენ გვიყურებენ, ასეთივე ვიკადრო, რასაც თქვენ კადრულობთ.
უხერხულია, მწამებლების ხელისუფლების წარმომადგენელი ადამიანი, რომელიც თვითონ არის მხილებული სისხლის სამართლის დანაშაულში, მოვიდეს და ჩვენ გველაპარაკოს. სირცხვილია,ეს არის სირცხვილი. მადლობა ღმერთს, რომ თქვენ დღეს სამი კაცით ხართ პარლამენტში წარმოდგენილი“, – განუცხადა პრემიერმა მელიას.
მთავრობამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. დარბაზის დატოვებამდე, დაპირისპირება უფრო გამწვავდა და ნიკა მელიას პრემიერმა აგინა.
ამავე თემაზე: კვირიკაშვილმა პარლამენტში მელიას აგინა: “შენ ნაბიჭ….. შენ მოგიტ…” (ვიდეო)