ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში პოლიციამ ავტომობილი შეაჩერა და სამი ადამიანი დააკავა.
დაკავებულები თურქეთის მოქალაქეები არიან და მათ ბრალი ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულში ედებათ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათი დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოხდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ბათუმში, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს – 1987 წელს დაბადებულ ბ.ე.-ს, რის შემდეგაც იგი ავტომანქანით თბილისის მიმართულებით წაიყვანეს. გამომძალველები მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ დაზარალებულის ძმას და მას 130 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძმის – ბ.ე.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული ავტომობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში შეაჩერა და დანაშაულში მონაწილე სამივე პირი დააკავა.
გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
1975 წელს დაბადებული დ.ს.-ის, 1982 წელს დაბადებული ი.ა.-ის და 1992 წელს დაბადებული ბ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“_ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.