აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობას 58 წლის ენტონი ბლინკენი დაიკავებს. ამის შესახებ The New York Times წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, ბლინკენი გლობალური ალიანსების დამცველია. მან სახელმწიფო დეპარტამენტში საქმიანობა ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს დაიწყო. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში კი ენტონი ბლინკენს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი თავისი კაბინეტის შემადგენლობის ნაწილს სამშაბათს დაასახელებს.
ცნობისთვის, „რასაცა გასცემ შენია, რაც არა – დაკარგულია“ – შოთა რუსთაველის ეს სიტყვები ენტონი ბლინკენმა გამოიყენა 2015 წლის 2 ნოემბერს, ვაშინგტონში, აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მეხუთე პლენარულ სესიაზე, როცა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე ლაპარაკობდა.