ჯო ბაიდენმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით ფიცი დადო.
78 წლის ჯო ბაიდენი აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი გახდა.
აშშ-ის კონსტიტუციის მე-2 მუხლის თანახმად, ჯო ბაიდენმა შემდეგ სიტყვები წარმოთქვა:
„მე საზეიმოდ ვფიცავ, რომ პატიოსნად აღვასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, დავიცავ, შევინახავ და მფარველობას გავუწევ შეერთებული შტატების კონსტიტუციას.
„ეს ამერიკის დღეა. ეს დემოკრატიის დღეა, ისტორიისა და იმედის დღე, განახლების დღე. ამერიკა გამოწვევებს უძლებს. დღეს ჩვენ ვზეიმობთ არა კანდიდატის ტრიუმფს, არამედ დემოკრატიის არსს. ხალხის ნება აღსრულდა“, _ განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ „ყველას პრეზიდენტი იქნება“.
ბაიდენამდე საზეიმო ფიცი ვიცე-პრეზიდენტის რანგში კამალა ჰარისმა წარმოთქვა.
პრეზიდენტის ინაუგურაციას მისი წინამორბედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ დასწრებია, რომელმაც თეთრი სახლი 20 იანვარს, დილით დატოვა. სამაგიეროდ, ინაუგურაციას ესწრებოდა უკვე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.